უჩა სოსიაშვილი: ჯერ ყველა გუნდს აქვს სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უჩა სოსიაშვილი: ჯერ ყველა გუნდს აქვს სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა
  • უჩა სოსიაშვილი: ჯერ ყველა გუნდს აქვს სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა
    შეიძლება ორი თამაში მოიგო და ლიდერებში აღმოჩნდე...

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" ნავსი გატეხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება დუშეთის ,,არაგვთან" იზეიმა –2:0. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ამ მოგებით სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა. თუმცა, მე–6 ადგილი არ არის ის პოზიცია, რომელიც წყალტუბოელებს კმაყოფილების საბაბს მისცემს. მძიმე სტარტის მიუხედავად გუნდის მიზნები არ შეცვლილა, ,,სამგურალი" ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და წყალტუბოურ კლუბს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მით უმეტეს, ,,სამგურალს" თანდათან წამყვანი ფეხბურთელებიც უბრუნდებიან, რომლებიც გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ. ,,არაგვთან" მატჩის შემდეგ ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს გავესაუბრეთ.


    –პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. ჩემპიონატის განახლების შემდეგ ზედიზედ სამი ფრე გქონდათ ნათამაშები და ,,არაგვთან" გამარჯვება გუნდს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან სჭირდებოდა. რას იტყვით აღნიშნული მატჩის შესახებ?

    – ,,არაგვთან" მოპოვებული სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონატის განახლების შემდეგ ზედიზედ სამ შეხვედრაში არ გვქონდა მოგებული და გამარჯვების გარდა ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლებოდა . მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სტადიონს დაუბრუნდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში ენერგიულად გქომაგობდნენ. აღნიშნულ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს აქვს რესურსი მოუმატოს, კიდევ უფრო კარგად ითამაშოს და მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

    – მატჩს როგორ შეაფასებთ?

    რაც შეეხება უშოალოდ ,,არაგვთან" მატჩს, რთული და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო, ქულები როგორც ჩვენ, ,,არაგვსაც" ძალიან სჭირდებოდა, შესაბამისად, ორივე გუნდი მოედანზე თამაშის მოსაგებად გავიდა. პირველ ტაიმში უფრო მეტად შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, რა დროსაც მოვახერხეთ გოლის გატანა, კიდევ იყო მომენტები და შეგვეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა საგოლე ეპიზოდების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მოწინააღმდეგეს შედარებით თამაშის საშუალება მივეცით, აქცენტი კონტრშეტევაზე და ბურთის შენარჩუნებაზე გვქონდა გაკეთებული, რაც გუნდს კარგად გამოუვიდა, ბურთსაც ვაკონტროლებდით და კონტრშეტევებზეც კარგად გადავდიოდით, გოლიც გავიტანეთ, იყო საგოლე მომენტები კონტრშეტევების მეშვეობით... როგორც შედეგი, ასევე გუნდის თამაშიც დადებითად უნდა შევაფასო. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშებშიც ანალოგიურად გაგრძელდება, გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თამაშების მოსაგებად მაქსიმალურად დაიხარჯება.

    –ჩემპიონატის განახლების შემდეგ თითქმის ყველა მატჩში ფლობდით უპირატესობას, მაგრამ მოგებას ვერ ახერხებდით, განსაკუთრებით ,,ზუგდიდთან" და ,,ვიტ ჯორჯიასთან". ეს უიღბლობის ბრალია თუ პრობლემა სხვა რამეში უნდა ვეძებოთ?

    –შეიძლება ვისაუბროთ, რომ გასულ მატჩებში ყველა გუნდთან გვქონდა გარკვეული უპირატესობა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს მისაღები შედეგი არ არის, სატურნირო მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ კმაყოფილები ვიყოთ, თუმცა ერთი რამ დავინახეთ, გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ მომდევნო მატჩებში მოუმატოს და ქულები დააგროვოს. სამივე თამაში მძიმე გამოვიდა. აქედან, ორი გასვლითი მატჩი იყო, ორივე გუნდი, რომლებთანაც სტუმრად მოგვიწია შეხვედრა, (ბოლნისის ,,სიონი" და ,,ვიტ ჯორჯია") საკმაოდ კარგ სატურნირო მდგომარეობაში დაგვხვდნენ და მოედანზეც კარგად გამოიყურებოდნენ. რაც შეეხება სახლის თამაშს, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ მოგვეგო, მაგრამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი იყო, თან ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწია თამაში და ამანაც გარკვეულწილად გავლენა იქონია შედეგზე, თუმცა მიზეზი იმისა, რომ ამ თამაშში ვერ გავიმარჯვეთ რა თქმა უნდა არ არის მოედნის ფაქტორი.

    ალბათ, მძიმე სტარტზე ტრავმებმაც იქონია გავლენა, ,,სამგურალის" ,,შემქმნელი ფეხბურთელების" ნახევარი ,,ლაზარეთში" იყო, გუნდს კი გოლის გატანა უჭირდა..

    სამწუხაროდ, ტრავმებს ვერ გავექცევით, დიდი ხანი მოგვიწია დასვენებამ, ამდენ ხნიანმა უქმობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე და შესაბამისად იყო ტრავმებიც. შეგვექმნა საკადრო პრობლემები კონკრეტულ პოზიციებზე, განსაკუთრებით შეტევაში. სამი წამყვანი ფეხბურთელი ლაშა კუჭუხიძე, თენგიზ ბრეგვაძე და გრიგოლ დოლიძე გვყავდა ტრავმირებული. მოსამზადებელი ეტაპი ამ ფეხბურთელებს არ გაუვლიათ. ჩემპიონატის განახლების შემდეგ ინდივიდუალურად დაიწყეს ვარჯიში, გუნდს ახლახანს შემოუერთდნენ და ნელ–ნელა ფორმაშიც შედიან. ალბათ, 2–3 ტურის შემდეგ ოპტიმალურ კონდიციებსაც მიაღწევენ და გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ. ეს ფეხბურთელები ,,სამგურალისთვის" ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ჩვენი მიზანია დროულად შევიდნენ ფორმაში რათა გუნდისთვის სარგებელი მოიტანონ.

    ,,არაგვთან" მატჩის ბოლოს სერგო კუხიანიძემ ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება, რა იყო მისი შეცვლის მიზეზი?


    არაფერი სერიოზული... უბრალოდ, კუხიანიძემ ოთხივე მატჩში სტაბილურად მიიღო მონაწილეობა, ოთხივე თამაში ფსიქოლოგიურადაც მძიმე გამოგვივიდა, შესაბამისად რაღაც მომენტში ფეხბურთელის გადაღლა ხდება. 78–ე წუთი იყო, ისედაც ვფიქრობდით მის შეცვლას, ანგარიში გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა. ეს არ არის პრობლემა, გუნდში არის კონკურენცია, სხვა ფეხბურთელებსაც ეძლევათ შანსი, ასე რომ ამ კუთხითაც ყველაფერი წესრიგშია.

    მომდევნო ტურში გათამაშების ერთ–ერთ ლიდერს ,,გაგრას" ხვდებით. გუნდს, რომელმაც ბოლო სამი შეხვედრა საკმაოდ კარგ გუნდებთან დიდი ანგარიშებით მოიგო...

    - ,,გაგრას" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, შეკრული გუნდია, საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარეც ჩანს, რომ ეს ,,გაგრა" მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ბოლო თამაშებში 10 ბურთი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, წინ ძალიან რთული და პრინციპული მატჩი გველოდება.

    - გათამაშების ლიდერ ,,შუქურასთან" ჩამორჩენა 9 ქულაა, სამეულამდე კი 3 ქულა გაშორებთ. მძიმე სტარტიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია პირველობისთვის ან თუნდაც, პლეი–ოფისთვის ბრძოლა?

    -ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე ისე ხდება, რომ შეიძლება ორი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ზედა პოზიციებზე მოექცე, ან წააგო და უცებ აღმოჩნდე აუტსაიდერებში. თუნდაც, ,,გაგრას" მაგალითი ავიღოთ, ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა და შანსი აქვს პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. ანალოგიურად, როგორც ყველა კლუბს, ,,სამგურალსაც" აქვს იმის შანსი, რომ ზედიზედ რამდენიმე თამაშის მოგების შემთხვევაში ლიდერებში აღმოჩნდეს. ასე რომ, მე არ აღვიქვამ დღევანდელ სატურნირო მდგომარეობას პრობლემად, იქედან გამომდინარე რომ, ჩვენს გუნდს აქვს რესურსი მოუმატოს, თამაშები მოიგოს და იბრძოლოს იმ მიზნისთვის რაც თავიდანვე გვქონდა დასახული.скачать dle 11.3