გრიგოლ დოლიძე: ,,ჩემპიონატი სულაც ერთ წრედ რომ ჩატარდეს, ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
30 სექტემბერი, 15:00
შუქურა
სამგურალი
წინა მატჩი
22 სექტემბერი, 16:00
სამგურალი2
რუსთავი1
ლიგა 2 - ცხრილი
გრიგოლ დოლიძე: ,,ჩემპიონატი სულაც ერთ წრედ რომ ჩატარდეს, ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება“
  • წყალტუბოს ,,სამგურალის“ გამოცდილ ნახევარმცველ გრიგოლ დოლიძეს თავისი მდიდარი კარიერის მანძილზე არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ის გახლავთ საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოთხგზის გამარჯვებული და საქართველოს სუპერთასის ოთხგზის მფლობელი. წარმატებებთან ერთად, კარიერის მანძილზე რთული პერიოდებიც ჰქონია, თუნდაც, ,,ამერის“ დაშლა გავიხსენოთ, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც, სწორედ, დოლიძე იყო.

    შემდეგ, ქუთაისის ,,ტორპედოში“ განვითარებული მოვლენები, როცა თითქმის მთელი სეზონი უხელფასოდ თამაშობდა... თუმცა, მისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, ჩემპიონატის შეჩერების ფაქტი აქამდე არასდროს ყოფილა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მთელს მსოფლიოში, სხვა სფეროებთან ერთად, სპორტული ცხოვრებაც დაპაუზებულია, საქართველოს ჩემპიონატი შეჩერებულია და ჯერ ცნობილი არ არის, როდის და რა ფორმატით განახლდება. გრიგოლ დოლიძე ,,სამგურალის“ სხვა ფეხბურთელებთან ერთად სახლში რჩება და საფეხბურთო სეზონის განახლებას ელოდება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

    - გრიგოლ დოლიძე: ,,მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობაა, კარიერის მანძილზე ბევრი რთული პერიოდიც გამოგვივლია, ომის დროსაც გვითამაშია, მაგრამ ასეთი რამ პირველად ხდება, კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო გააჩერა და ბუნებრივია, ჩვენზეც ცუდად იმოქმედა, ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია, თუმცა მთავარია, მშვიდობა იყოს და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.

    - როგორ ატარებ დროს იზოლაციაში?

    - როგორც სხვები... ვემორჩილები მთავრობის გადაწყვეტილებას, ვრჩები სახლში და ვიცავ უსაფრთხოების ნორმებს. სახლის პირობებში რაც შეიძლება მაქსიმალურად ვვარჯიშობ. მწვრთნელებისგან გვაქვს დავალებები, სავარჯიშო პროგრამა, რომლის მიხედვითაც განვაგრძობთ მზადებას. ვარჯიშისგან თავისუფალ დროს ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს... ამ დღეებში იმდენი ფილმი ვნახე უკვე დავიღალე კიდევ. როცა მიზეზთა გამო შენს საყვარელ საქმეს ვერ აკეთებ და სახლში ჯდომა გიწევს, ეს ცუდად მოქმედებს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის. წესებს და რეკომენდაციებს ყველა უნდა დავემორჩილოთ. იმედია, მალე გადაივლის ეს ვირუსი და მოედანს დავუბრუნდებით. ძალიან რთულია ფეხბურთის გარეშე ცხოვრება. ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც ჩემპიონატში ვითამაშეთ, მას შემდეგ მოედანზე აღარ გავსულვართ და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ფორმაზე უარყოფითად მოქმედებს. სახლში რაც არ უნდა ივარჯიშო, საკმარისი მაინც არასდროს იქნება. თუმცა, მთავარია თავს გავუფრთხილდეთ, ჯანმრთელად ვიყოთ და დანარჩენს ყველაფერს მოევლება.

    - შექმნილი მდგომარეობის გამო ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ყველზე მეტად დაზარალდა, ალბათ, წყალტუბოს ,,სამგურალია“. კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მოსამზადებლად სოლიდური თანხა დახარჯა, თუმცა, ახლა ჩემპიონატში დიდი წყვეტაა და გუნდს ფაქტობრივად ხელთავიდან მოუწევს ჩემპიონატისთვის მომზადება...

    - შექმნილმა ვითარებამ ბევრი გუნდი დააზარალა. ანთალიაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, კარგად ვიყავით მომზადებული, მართალია სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ ეს არაფერს არც ცვლის, შეიძლება ცუდად დაიწყო ჩემპიონატი და მაღალ ადგილზე დაასრულო, ან პირიქითაც მოხდეს, კარგად დაიწყო და საბოლოოდ, მიზანს ვერ მიაღწიო. ამის ბევრი მაგალითი ვიცით, ასე რომ პირველი ორი ტურის შედეგებით ნუ გამოვიტანთ დასკვნებს. ჩვენი მზადების გეგმა მხოლოდ ორ მატჩზე კი რა მთელ სეზონზე იყო გათვლილი და რომ არა ,,კორონა“, შემდეგ თამაშებში ყველაფერი გამოსწორდებოდა... თუმცა, ყველაფერი წინ არის. ერთი თვეა უმოქმედოდ ვართ და ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ფორმაზე კარგად ვერ აისახება, მაგრამ, ვფიქრობ, სეზონისწინა შეკრება წყალში მაინც არ ჩაიყრება, მთავარია, მდგომარეობა დასტაბილურდეს, ჩემპიონატი განახლდეს და ჩვენ აუცილებლად, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

    - თუმცა, სავარაუდოდ, ჩემპიონატი ძველი ფორმატით ვეღარ გაგრძელდება...

    - ჯერ მხოლოდ 2 ტურია ჩატარებული, ჩემპიონატი როდის განახლდება არავინ იცის, 34 მატჩის ჩასატარებლად დროც არ იქნება საკმარისი. ალბათ, ფორმატი შეიცვლება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენც შესაბამისად მოვემზადებით. ჩემპიონატი სულაც ერთ წრედ რომ ჩატარდეს, ჩვენი მიზანი მაინც უცვლელი იქნება, ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ.

    - საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი ამბიციურ გუნდებში გაატარე და საქართველოში ყველა ტიტული მოიგე. ალბათ, რომ არა ,,სამგურალის“ ამბიციური გეგმები, წყალტუბოურ კლუბში სხვა მხრივ ვერ მოხვდებოდით...

    - კარგი გუნდი შეიკრა, კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს და შეგვიძლია დასახული მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ,,სამგურალის“ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ,,სამგურალმა“ წარმატებებს მიაღწიოს. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი გამოცდილებით გუნდს დავეხმარები და დასახულ მიზანს მივაღწევთ.

    - ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პრეზიდენტს მიხეილ იაშვილს ძალიან კარგი ხედვები აქვს. მისი მოსვლის შემდეგ გუნდი პროგრესს განიცდის. შარშან გულშემატკივრებს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლას დაჰპირდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ,,სამგურალს“ რანგით მაღალ ლიგაში ეთამაშა. ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით ,,სამგურალს“ საკმაოდ კარგი პირობები აქვს და შეუძლია, ამბიციურ გუნდად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საფეხბურთო სკოლის ამუშავება და ინფრასრუქტურის განვითარება, ამ საქმეებში კი მას გვერდში დგომა და ხელშეწყობა სჭირდება.

    - ბოლოს, რა შეგიძლია უთხრა გულშემატკივრებს?

    - პირველ რიგში ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას. მთავარია, ეს რთული მდგომარეობა გადავლახოთ და მსოფლიო ჩვეულ რიტმში ჩადგეს... ჩვენც დავუბრუნდებით მოედანს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ!скачать dle 10.5фильмы бесплатно