ბომბარდირი, რომელსაც ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბომბარდირი, რომელსაც ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია
  • ბომბარდირი, რომელსაც ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

    სერგი კუხიანიძე: მენატრება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მწვანე მინდორზე ფეხის დადგმა!

    ახალგაზრდა ფორვარდი სერგო კუხიანიძე წყალტუბოს ,,სამგურალში“ გასულ წელს გამოჩნდა და პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, კუხიანიძემ ლიგა 3-სა და პლეი-ოფში ჯამში 16 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, კლუბის ხელმძღვანელობისგან, საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული, ბროლის თასით დაჯილდოვდა.
    ახალგაზრდა ფორვარდმა თავისი ბომბარდირული თვისებები თურქულ შეკრებაზეც გამოავლინა. წყალტუბოელებმა საკონტროლო მატჩებში 5 გოლი გაიტანეს და ხუთივე კუხიანიძის ანგარიშზე იყო.
    ,,კუხის“ ფორვარდისთვის საჭირო ბევრი კარი თვისება აქვს, იდეალური სასტარტო სისწრაფე, ტექნიკური არსენალი და რაც მთავარია გოლის ალღოც არ დაეწუნება. მთავარია, არ მოდუნდეს,საკუთარ თავზე კიდევ უფრო იმუშაოს და პროგრესი განაგრძოს, ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები მას დიდი ფეხბურთის თამაშს უწინასწარეტყველებენ.
    ვფიქრობთ, გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება ,,სამგურალის“ ბომბარდირის უფრო ახლოს ,,გაცნობა“ და მისი განვლილი კარიერისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაგება...

    ჯილარდინოს დამსახურებით

    სერგო კუხიანიძე: ,, პირველად ფეხბურთს ტელევიზორში ვუყურე, ზუსტად არ მახსოვს, ,,მილანი“ რომელიღაც გუნდს ეთამაშებოდა, დაძაბული მატჩი იყო, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ჯილარდინოს თამაშმა მომხიბლა და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ფეხბურთი მეთამაშა. ასე აღმოვჩნდი 9 წლის ასაკში ქუთაისის ,,მართვეში“. პირველი მწვრთნელი ლერმან ჯანელიძე იყო.
    რაც შეეხება ჩემს საყვარელ გუნდს, მადრიდის ,,რეალის“ გულშემატკივარი ვარ. მისაბაძი ფეხბურთელი კი ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მოყოლებული კრისტიანო რონალდოა.

    დებიუტი და ჩემპიონობა

    სერგო კუხიანიძეს ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2017 წლის 13 მაისს ფოთის ,,კოლხეთის“ წინააღმდეგ ჰქონდა. ქუთაისის ,,ტორპედომ“ ის შეხვედრა სტუმრად 3:0 მოიგო. კუხიანიძემ 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძე შეცვალა... იმ სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა ,,ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა. ,,ტორპედოში“ ასპარეზობისას კუხიანიძე რამდენჯერმე იყო გამოძახებული საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში.
    სერგო კუხიანიძე: ,,მართვედან“ ,,ტორპედოს“ ასაკობრივ გუნდში გადავედი. შემდეგ აღმოვჩნდი დუბლებში და ,,ტორპედოს“ ძირითად გუნდშიც მომეცა თამაშის შესაძლებლობა. ,,ტორპედოში“ ჩემი დებიუტი დაუვიწყარი გრძნობებით აღსავსე იყო. როცა კახა ჩხეტიანმა თამაშის მიმდინარეობისას დამიძახა ,,კუხი გახურდიო“, სიხარულით გავიქეცი გასახურებლად, მოთელვებისას გაისმა ჩემი გვარი, მინდორზე გასაყვანად მიხმობდნენ... 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძე შევცვალე, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლით გამოიჩინა თავი... მისი სიტყვები არასდროს არ დამავიწყდება - ,,კუხი ასეთ შანსს ყოველთვის ვერ მიიღებ, დაანახე ყველას რა შეგიძლიაო“... მინდორზე შევდგი თუ არა ფეხი, სრულად სულ სხვა ადამიანი გავხდი. ეს ჩემთვის სიხარულთან ერთად, დიდი გამოწვევაც იყო.
    ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრად ვითვლებოდი. ,,ტორპედო“ დიდი ოჯახივით იყო, იქ გატარებული დრო ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი გამოდგა, ,,ტორპედოში“ ბევრი რამ ვისწავლე და ამისთვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

    საუკეთესო ბომბარდირი

    სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, ქუთაისის ,,ტორპედომ“ ნიჭიერი ფორვარდი მარტვილის ,,მერანში“ გაანათხოვრა. ნახევარი სეზონის შემდეგ კუხიანიძე ,,ტორპედოს“ დაუბრუნდა, 2019 წელს კი წყალტუბოს ,,სამგურალთან“ გააფორმა კონტრაქტი და გუნდის ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა.
    ,, რა თქმა უნდა, განვლილი სეზონი ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სადაც ვყოფილვარ თავი არსად დამიზოგავს, მაგრამ მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ფეხბურთი გუნდური სპორტია და რასაც მივაღწიე თანაგუნდელების დახმარებით, მწვრთნელების ნდობით და ღვთის წყალობით შევძელი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ გუნდის ხელმძღვანელობისაგან. როცა გენდობიან, შენც ერთი-ორად ძლიერი ხდები. ყველაფერმა ამან იქონია გავლენა და ღვთის წყალობით გუნდს ჩემი გოლებით მიზნის მიღწევში დავეხმარე. ამჯერად უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში გამოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ლიგებს შორის საკმაო სხვაობაა, მუხტს არასდროს დავაგდებ და ვიბრძოლებ, რომ ჩემი გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

    ჩემპიონატის დაწყებამდე ,,სამგურალმა“ მოსამზადებელი პერიოდი ანტალიაში გაიარა. იქ წყალტუბოელებმა ხუთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანეს და ხუთივე სერგი კუხიანიძის ანგარიშზე იყო. სერგიმ რუმინულ ,,გლორიასთან“ (2:0) და მოსკოვის ,,კაზანკასთან“ (2:2) დუბლები შეასრულა, ერთი გოლი კი ,,ირტიშის“ (1:1) კარში გაიტანა.
    ...,,რა თქმა უნდა, ეს შეკრებაც დაუვიწყარი იყო. გოლების გატანა სასიამოვნო შეგრძნებაა, თანაც, როცა გუნდის ბომბარდირი ხდები. საკონტროლო შეხვედრებში გატანილმა გოლებმა დიდი ემოციური მუხტი შემძინა. ჩემი ძალების კიდევ უფრო ვირწმუნე. დავრწმუნდი, რომ თუ მოინდომებ და იშრომებ შეუძლებელი არაფერია“.
    მიზანი უცვლელია

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩემპიონატი სასურველად ვერ დაიწყო. სტუმრად ფრე ,,რუსთავთან“ -1:1 და შინ მარცხი ქობულეთის ,,შუქურასთან“. აღნიშნული ორი ტურის შემდეგ კი მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამაც იფეთქა და ჩემპიონატი დღემდე შეჩერებულია. ასეთი სტარტის მიუხედავად სერგო კუხიანიძე იმედოვნებს, რომ გუნდი დასახულ მიზანს მიაღწევს.
    ,,მართალია, სტარტი კარგი არ გამოვიდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და ძალა, რომ დასახული მიზნებისთვის ვიბრძოლოთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიხარულოდ დასრულდება“. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა არაფერი შეცვლილიყო და 36 ტურად გვეთამაშა, ბევრი თამაში, მეტი პრაქტიკაა და გამოცდილებასაც მეტად აგროვებ, მაგრამ ახლა მსოფლიო რა ვითარებაშიც იმყოფება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩემპიონატი 4 წრედ ვერ ჩატარდება, რა ფორმატითაც არ უნდა გაიმართოს ეროვნული ლიგა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ჩემი უახლოესი მიზანიც სწორედ ეს არის, წყალტუბოს ,,სამგურალი“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დავაბრუნოთ. ოცნებას რაც შეეხება მინდა დიდი ფეხბურთი ვითამაშო, რა თქმა უნდა, სხვა ბევრი ოცნებაც მაქვს, მაგრამ ამას ჩემს საიდუმლოდ დავტოვებ.

    მწვანე მინდვრის ნოსტალგია

    დღეს მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, ვირუსმა ბევრი ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა. ფეხბურთელებსაც მწვანე მინდვრის ნაცვლად სახლის პირობებში უწევთ ვარჯიში. საყვარელი საქმისგან მოწყვეტა სერგო კუხიანიძისთვისაც რთული აღმოჩნდა..
    ,, რთულია მოსწყდე მწვანე მინდორს და აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული სახლში გამოიკეტო, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში სხვა გზა არ იყო. ტონუსი რომ შევინარჩუნო და არ მოვდუნდე, სახლის პირობებში ვვარჯიშობ. ჩემი დღის განრიგი ასეთია: დილით ჩემი ოჯახის უსაყვარლეს წევრთან, ჩემს ძაღლთან ერთად დავრბივარ. შუადღეს ვისვენებ, ან კომპიუტერული თამაშებით ვერთობი, საღამოს კი ველოსიპედით გავდივარ სავარჯიშოდ. მენატრება ჩემს გუნდელებთან ერთად მწვანე მინდორზე ფეხის დადგმა და ბურთის გაგორება, ამაზე მეტი სიამოვნება არაფერია! იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და მოკლე დროში დავუბრუნდებით მწვანე მინდორს....
    ....რომ არა ფეხბურთი, არ ვიცი რას გავაკეთებდი და ვინ ვიქნებოდი, ფეხბურთმა მასწავლა ყველაფერი, მომცა ის რაც მაკლდა, შეიძლებ ითქვას, რომ თავიდან ბოლომდე შემავსო. ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება. მოუთმენლად ველოდები როდის დავუბრუნდებით მწვანე მინდორს.“

    скачать dle 11.3