საინტერესო გეგმები წყალტუბოს ,,სამგურალის" პრეზიდენტისგან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
საინტერესო გეგმები წყალტუბოს ,,სამგურალის" პრეზიდენტისგან
  • გასული წელის ზაფხულში წყალტუბოს ,,სამგურალით“ ქართველი ბიზნესმენი მიხეილ იაშვილი დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჯერ მისი საკუთრებაც არ იყო, ,,სამგურალს“ ფინანსურად გვერდით დაუდგა. მისი მხარდაჭერით, წყალტუბოელებმა შემადგენლობა გააძლიერეს და პლეი–ოფის გზით ეროვნული ლიგა 2–ის საგზური მოიპოვეს. დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში კეთილსინდისიერი და მიზანდასახული ინვესტორების დეფიციტია, მისასალმებელია, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც რთულ ვითარებაში მყოფი რეგიონის გუნდი ჩაიბარა და მიზნად მისი განვითარება დაისახა.
    ,,სამგურალის“ ინვესტორი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. გუნდს წლეულს გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს. წყალტუბოელებმა 10 ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამააშეები, როგორებიც გრიგოლ დოლიძე და ლუკა რაზმაძე არიან. გუნდის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში საკმაოდ ბევრმა კვალიფიციურმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. წყალტუბოელებმა შეიძინეს ახალი სპორტული ეკიპირება და სათამაშო ფორმები.
    გუნდი ამჟამად თურქეთში, ანტალიის რეგიონში გადის შეკრებას. ,,სამგურალი“ ორჯერად ვარჯიშებთან ერთად საკონტროლო მატჩებსაც მართავს. კლუბის პრეზიდენტი აქაც არ ტოვებს გუნდს უყურადღებოდ, ის ხუთი დღის განმავლობაში ლარაში ,,სამგურალთან“ ერთად იმყოფებოდა და ორ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. ,,გლორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ ,,სამგურალის“ პრეზიდენტს ინტერვიუ ვთხოვეთ და ისიც არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა...
    – თავდაპირველად, განვლილ ჩემპიონატზე ვისაუბროთ. ,,სამგურალი“ ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში თქვენი მისვლისას ,,სამგურალი“ 7 ქულით ჩამორჩებოდა პლეი–ოფის ზონას, თქვენ თავიდანვე ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და გჯეროდათ, რომ დასახულ მიზანს მიაღწევდით. რა გაძლევდათ ოპტიმიზმის საფუძველს?
    –ჩემის აზრით, ,,სამგურალის“ შარშანდელი წარმატება ხელმძღვანელობის მხრიდან ნაწარმოები სწორი პოლიტიკის შედეგია. გუნდში ძალიან კარგი გარემო იყო შექმნილი, თავის საქმეს ყველა პროფესიონალურად უდგებოდა, სწორედ ამან მოიტანა ის შედეგი რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით. მაგრამ, ეს იყო ჩვენი გეგმის პირველი ნაწილი, ამჟამად კლუბის განვითარების შუალედურ ეტაპზე ვართ, წინ კი გაცილებით ამბიციური გეგმები და მიზნები გვაქვს.
    – სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში ბევრი მოხდა, დაიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელები, ,,სამგურალს“ ეროვნულ ლიგა 2–ში ერთ–ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, აქედან გამომდინარე, ალბათ მიზნებიც შესაბამისი გექნებათ...
    წლეულს გუნდი მნიშვნელოვნად განვაახლეთ. ბევრი ფეხბურთელი დაგვემატა, გუნდში დიდი კონკურენცია ჩამოყალიბდა, ფაქტობრივად ორი თანაბარი დონის შემადგენლობა გვყავს. ვფიქრობთ, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება. თურქულ შეკრებაზე რუმინულ გუნდთან გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ გუნდი აღმავლობის გზას ადგას და დასახული მიზნებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. შევეცდებით, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მართალია გავძლიერდით, მაგრამ კონკურენტებიც არ არიან უქმად, ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, თითქმის ყველა გაძლიერდა. კარგი გუნდი ჰყავს ქობულეთის ,,შუქურას“, მებრძოლი გუნდებია დუშეთის ,,არაგვი“, ზუგდიდის ,,დინამო“ ტრადიციულად ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალას წარმოადგენენ ,,რუსთავი“ და ბოლნისის ,,სიონი“, გასულ წელს ისინი ერთი საფეხურით დაქვეითდნენ და წლეულს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების პრეტენზია ექნებათ. ვფიქრობ, წინ საკმაოდ რთული და საინტერესო ჩემპიონატი გველოდება.
    ამჟამად ,,სამგურალი" თურქეთში, ქალაქ ლარაში გადის შეკრებას, თქვენ დაესწარით ვარჯიშებს და საკონტროლო მატჩებს, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მზადების პროცესით?
    –ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ ჩემპიონატისთვის მაქსმალურად მოემზადონ. გუნდს აქვს ორჯერადი ვარჯიშები, პარალელურად, საკონტროლო მატჩები საკმაოდ რთულ მეტოქეებთან. მართალია, პირველ შეხვედრაში მოსკოვის ,,ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ ალბათ, ამ შეხვედრაში მწვრთნელის ამოცანა შედეგზე მეტად ოპტიმალური შემადგენლობის ძიება და ტაქტიკური კუთხით მუშაობა იყო. ,,ლოკომოტივის" ახალგაზრდული გუნდთან ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ მთავარია, გუნდმა საკმოად ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა, მომდევნო საკონტროლო მატჩში კი გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და რუმინული ,,გლორია" 2:0 დავამარცხეთ. აღნიშნულ მატჩში თამაშის ხარისხი და შედეგი გაცილებით უკეთესი იყო. მჯერა, რომ მომდევნო საკონტროლო მატჩები გუნდის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, შეკრების ბოლოს ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული ვიქნებით იმისთვის, რომ ჩემპიონატი კარგად დავიწყოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
    –უცხოური შეკრება, საკუთარი სტადიონი და სავარჯიშო მოედანი... ქართული რეალობიდან გამომდინარე, ,,სამგურალს" საკმაოდ კარგი პირობები აქვს, თუმცა როგორც ვიცით, თვენ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაცილებით ამბიციური გეგმები გაქვთ...
    – ზოგადად, საქართველოში ინფრასტრუქტურის მხრივ რთული პირობებია, რა თქმა უნდა, სხვასთან შედარებით, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელიც წყალტუბოში არსებულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ყურადღებას აქცევს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმარისი არ არის. ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ვარჯიში და შემდეგ ბუნებრივზე თამაში მომზადების კუთხით ძალიან რთულია, ასევე ზრდის ტრავმიანობის რისკს. ამიტომ, ჩვენი სურვილია, გავაკეთოთ საფეხბურთო ბაზა, სადაც ჩვენი ფეხბურთელები სრულყოფილ მომზადებას შესძლებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტური განვითარება ერთ–ერთი პრიორიტეტია, ამისთვის ბევრს მუშაობენ, საფეხბურთო კომპლექსი შენდება ფოთში და გურიაში. როგორც ვიცი, ქუთაისშიც აპირებენ კომპლექსის გაკეთებას და ეს საკმაოდ დიდი ბიძგი იქნება ქართული ფეხბურთის შემდგომი წარმატებებისთვის.
    – ზოგადად ქართულ ფეხბურთზე რას იტყვით, თქვენთვის როგორც ინვესტორისთვის, რა კუთხით არის ის საინტერესო?
    – ქართულ ფეხბურთში საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავ, ამის თქმის საშუალებას ახალი თაობა მაძლევს, პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ბოლო პერიოდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ზღვაში წვეთია. ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა მოედნების სიმცირეა, ზემოთაც ვთქვი, რომ ფედერაცია ამ საკითხზე ბევრს მუშაობს, ახალ–ახალი სტადიონები იხსნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... წარმოიდგინეთ, ანტალიის რეგიონში სადაც ჩვენი გუნდი ემზადება 250–ზე მეტი მოედანია. ნახევარი საფეხბურთო სამყარო იქ იყრის თავს. შეგვიძლია მათგან მინი–მოდელი გადმოვიღოთ. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წყალტუბო ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია, როგორც კლიმატის, ასევე ინფრასტრუქტურის მხრივ. როგორც იცით, 2020 წლიდან წყალტუბოს განვითარების პროგრამა ამოქმედდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასტუმროებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. ჩვენ თუ ისეთივე პრინციპით ვიმუშავებთ, როგორც ანტალიაში ხდება, ეს არამარტო ფეხბურთის, ასევე სხვა სფეროების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ზამთრის სეზონზე როცა ანტალიის რეგიონში დამსვენებლების ნაკლებობაა, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები ამ დანაკლისს საფეხბურთო ტურიზმით ანაზღაურებენ, იქ უამრავი გუნდი ჩადის მოსამზადებლად, ტარდება სპარინგ– მატჩები და ეს ყველაფერი რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს.
    – რამდენად რეალურია წყალტუბოში ამ იდეის განხორციელება?
    – ისეთივე მასშტაბებით არა, მაგრამ ზემოთაც ვთქვი, მინი–მოდელის განხორციელება წყალტუბოში სავსებით შესაძლებელი იქნება. ბუნებრივი პირობები ხელს გვიწყობს, სასტუმროები გვაქვს და რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასტუმრო შემოგვემატება, აეროპორტი ახლოს არის, საჭიროა ახალი მოედნები, რომ წრედი შეიკრას და საქმე დაიძრას. ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმართველობა, სასტუმროების მეპატრონეები და ცენტრალური მთავრობა დაინტერესებული იქნებიან სპორტული ტურიზმის განვითარებით. ამისთვის აუცილებელი იქნება გარკვეული რაოდენობის მოედნის გაკეთება, რათა გუნდები შეუფერხებლად მოემზადნონ. თუ ეს იდეა განხორციელდა. ყოველივე ეს რეგიონს და ქვეყანას სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
    – თქვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფერო ბავშთა ფეხბურთია, რას გეგმავთ მისი განვითარებისთვის?
    – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშთა ფეხბურთის განვითარება. გუნდში მოსვლის პირველივე დღეს ვთქვი, რომ თუ ჩვენ ბავშთა ფეხბურთს არ მივაქციეთ ყურადღება და ნიჭიერი ფეხბურთელები ადგილზევე არ ავღზარდეთ, სამომავლოდ ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, როგორმე უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ, არამედ, ეროვნულ ლიგაში სტაბილურად ვითამაშოთ და ყოველთვის ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავდეს. თუ გუნდს არ ექნება პრეტენზია გაზარდოს ფეხბურთელები და ისინი დიდ გუნდში დააწინაუროს, წარმატებებს ვერასდროს მიაღწევს. ჩამოვაყალიბეთ ,,სამგურალის" საფეხბურთო სკოლა და ამ კუთხით საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. წლეულს აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, რომ გავზარდოთ ჯგუფების რაოდენობა. გვაქვს შემოთავაზებები, რომ ასაკობრივმა გუნდებმა, საუბარია, 15 და 17 წლამდელებზე, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის შიგნით და საქართველოს გარეთ ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირებში. გვინდა აღნიშნულ ასაკებშიც ბრძოლისუნარიანი გუნდები ჩამოვაყალიბოთ და მათ საერთაშორისო ტურნირებზე გამოცდილების მიღების საშუალება მივცეთ. მოკლედ, დიდ გუნდთან ერთად, ჩვენთვის ერთ–ერთი დიდი პრიორიტეტი ბავშთა ფეხბურთია. მისასალმებელია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ზრუნავს ბავშთა ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელების კვალიფიკავიის ამაღლებაზე.
    – კვლავ ინფრასტრუქტურას დავუბრუნდეთ, იგეგმება თუ არა წლეულს წყალტუბოს სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელება?
    – ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი 2020 წლის ბოლომდე დასწულდება ტრიბუნების მოწყობა და წყალტუბოს ცენტრში გვექნება ლამაზი სტადიონი, რომელზეც ჩვენი გუნდი აუცილებლად კარგ შედეგს დადებს. 2019 წელს ჩვენ საკუთარ კედლებში არ დავმარცხებულვართ და იმედი მაქვს წარმატებული სერია მომავალ ჩემპიონატშიც გაგრძელდება.
    – გულშემატკივრები შიშობენ, სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განახლების შემდეგ ,,სამგურალს" კვლავ ნეიტრალურ მოედანზე მოუწევს მატჩების გამართვა...
    – წლეულს იგეგმება ტრიბუნების მოწესრიგება და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, აღნიშნული სამუშაოები კი მატჩების ჩატარებას ხელს არ შეუშლის, ასე რომ, სტადიონის რეაბილიტაციის გამო, ნეიტრალურ მოედანზე თამაშის საშიშროება არ არსებობს. ჩვენ ვითამაშებთ საკუთარ მოედანზე და პარალელურად ტრიბუნებიც მოწესრიგდება.
    – იგეგმება თუ არა სტადიონზე ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება და განათების დამონტაჟება?
    – როგორც აღვნიშნე, წლეულს ტრიბუნების მოწესრიგდება, შემდგომ ეტაპზე ვფიქრობთ, ადმინისტრაციული შენობის გაკეთებას, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში დემონტაჟი გაუკეთეს და შემდეგ ის პროექტი შეჩერდა. ასევე, პრინციპული საკითხია განათების დამონტაჟება. საუბარი მქონდა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენს სტადიონზე განათება დამონტაჟდება, გარკვეული საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის საშუალება გვექნება. წყალტუბოში მატცებს გამართავენ როგორც ახალგაზრდული ნაკრები, ასევე სხვა ასაკობრივი ნაკრებები, რაც საკმაოდ დიდი ბიძგი იქნება რეგიონის სპორტული ცხოვრებისთვის. განათება გულშემატკივრების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანია, თამაშები ისეთ დროებში ტარდება, როცა ხალხი სამსახურებშია. გაცილებით დიდი დასწრება გვექნება, როცა განათება გაკეთდება და სახლის თამაშებს საღამოს საათებში ჩავატარებთ. ეს არ არის ძალიან ძვირიანი პროექტი და ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდე ყველაფერი დასრულებული იქნება. ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო სამგურალს ახალ სეზონში, გულშემატკივრების ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომლებიც ყველა თამაშს ესწრებიან და გულმხურვალედ ქომაგობენ ,,სამგურალს." ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ საფეხბურთო სეზონში მათი სახით მოედანზე მე–12 ფეხბურთელი გვეყოლება.скачать dle 11.3