იმერული დერბი სამგურალის გამარჯვებით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იმერული დერბი სამგურალის გამარჯვებით
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ლიგა 3-ის მე-6 ტურში ტყიბულის ,,მეშახტეს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა.

    ,,სამგურალის“ ვეტერანი მეკარისა და გუნდის ყოფილი უფროსის პავლე გორდეზიანის საპატივსაცემოდ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, წყალტუბოელებმა  შავი სამკლაურებით ითამაშეს. შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

    იმერული დერბი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. უხვად იყო საგოლე მომენტებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით მასპინძლები გამოირჩეოდნენ, რომლებმაც იმდენი ხიფათი შექმნეს, ორ მატჩსაც რომ ეყოფოდა...

    თუმცა, პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრების იყო. მე-3 წუთზე თორნიკე მეტრეველმა ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა ბურთი.

    ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ,,სამგურალის“ მხარეს გადავიდა და რომ არა ფატალური უიღბლობა ანგარიში დებიუტშივე გაიხსნებოდა. მე-7 წუთზე მამუკა ღონღაძის უძლიერესი დარტყმა სტუმართა მეკარემ  აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ორიოდე წუთში შესანიშნავი სოლო რეიდი შემოგვთავაზა გაგა გაზდელიანმა, რომელიც წყალტუბოელთა რიგებში გამორჩეული იყო, მან მთელ დაცვას თავბრუ დაახვია, რის შემდეგაც ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე სერგი კუხიანიძეს მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა მართებდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა  ბურთი სამიზნეში  ვერ მოახვედრა.მე-16 წუთზე ლიპარტელიანის დარტყმა ასცდა მიზანს. 21-ე წუთზე ,,სტანდარტული“ მდგომარეობის შემდეგ თორნიკე ბანძელაძემ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან გატანაც შეეძლო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. 28-ე წუთზე კარგად შეუტიეს ტყიბულელებმა, კარში ძლიერად დაარტყა შალვა ცქიფურიშვილმა, მაგრამ კარგად გაისარჯა ,,სამგურალის“ მეკარე კახაბერ მეშველიანი, რომელმაც ეფექტური სეივით საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. წყალტუბოელებმა მალევე მწვავე მომენტით უპასუხეს, კვლავ გაზდელიანმა ითამაშა კარგად და კუხიანიძის მისამართით მწვავე გადაცემა გააკეთა, თუმცა ,,სამგურალის“ ფორვარდს მეკარემ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა. ცოტა ხანში ლაშა ჩავჩიძემ სახიფათოდ დაარტყა საჯარიმო მახვილი კუთხიდან, მეკარემ ბურთი იქვე უკუაგდო, თუმცა დამატებაზე მასპინძელთაგან ვერავინ შეძლო თამაში. შემდეგ ლუკა ჯანელიძემ მოსინჯა შორეული დარტყმა, ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. 41-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი 100% იანი საგოლე ეპიზოდი შექმნეს, ჩავჩიძის ჩაწოდების შემდეგ კუხიანიძე თავით გზავნიდა ბურთს კარში, მეკარე უძლური იყო, მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. 43-ე წუთზე ჩავჩიძის მიერ შესრულებული ,,სტანდარტულის“ შემდეგ კვლავ კუხიანიძე ურტყამდა ახლო მანძილიდან, მაგრამ ბურთი მეკარეს მოხვდა, გამოვარდნილ ბურთზე დამატებას მამუკა ღონღაძე ცდილობდა, მაგრამ ფიფია მაისურით იჭერდა... წყალტუბოელები ამ ეპიზოდში პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

    მეორე ტაიმში პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს. ცქიფურიშვილმა შორიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ ბურთი მეშველიანმა მოიგერია.

    წყალტუბოელთა საპასუხო შეტევას კი გოლი მოჰყვა. 56-ე წუთზე მამუკა ღონღაძემ მოედნის ცენტრიდან ერთი შეხებით, იუველირული გადაცემით, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა სერგი კუხიანიძე, რომელმაც მის შესახვედრად გამოსულ მეკარე ნიკა ჯოხაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და ულამაზესი გოლი გაიტანა.

    63-ე წუთზე წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდა მართებდათ, ღონღაძის ფლანგური ჩაწოდება კუხიანიძემ გაატარა და ჩავჩიძე ახლოდან ურტყამდა კარში, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

    73-ე წუთზე სტუმრებს გათანაბრების შანსი ჰქონდა, ცქიფურიშვილის ,,სტანდარტულს“ წყალტუბოელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ტყიბულელები ახლო მანძილიდან ურტყამდნენ კარში, მაგრამ მეშველიანმა იხსნა საკუთარი გუნდი გოლისგან...

    შეხვედრის დარჩენილი დრო უშეღავათო ბრძოლაში მიილია, ბოლოს ერთ ეპიზოდში ტყიბულელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სიმულაციისთვის თორნიკე დარსაველიძე გააფრთხილა.

    მალე შეხვედრაც დასრულდა. ,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მიხეილ მახვილაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს სტუმრად ,,ბახმაროს“ წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალი-მეშახტე 1:0

    5 აპრილი. წყალტუბო ,,26 მაისი“

    ლიგა 3 ; ტური-6

    1:0 სერგი კუხიანიძე (56.მამუკა ღონღაძის პასით)



    სამგურალი: მეშველიანი, ბურჯანაძე, ენდელაძე, ბანძელაძე, ჩავჩიძე, კიკაბიძე, ჯანელიძე, გაზდელიანი, ლიპარტელიანი (75.ნადირაძე), ღონღაძე, კუხიანიძე (86.ხმელიძე)

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, წაქაძე, კუხალაშვილი, ვარდანიძე, ხვადაგიანი

    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

    მეშახტე: ჯოხაძე, ფიფია, დარსაველიძე, ხარაბაძე, ცქიფურიშვილი, გელაშვილი, ჩუბინიძე (60.ბრეგაძე), მეტრეველი (46.ზამბო ზამბო), ჯუფი (76.გალახვარიძე), უღრელიძე, გაბუნია

    სათადარიგოები: გეგუჩაძე, ობოლაძე, კვიცინაძე, ქველიძე
    მთავარი მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე

    გაფრთხილება: მეტრეველი (44), გაზდელიანი (45+1), ცქიფურიშვილი (45+3), ხარაბაძე (64), დარსაველიძე (90+3)

    არბიტრი: ა.აფციაურიскачать dle 11.3