ზაზა სოფრომაძე: ყველა მოწადინებულია, რომ წყალტუბოში ფეხბურთი აღორძინდეს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ზაზა სოფრომაძე: ყველა მოწადინებულია, რომ წყალტუბოში ფეხბურთი აღორძინდეს
  • ზაზა სოფრომაძე: ყველა მოწადინებულია, რომ წყალტუბოში ფეხბურთი აღორძინდეს

    ,,სამგურალის“ კოზირი – იმედისმომცემი შემადგენლობა და გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატს ახალი მთავარი მწვრთნელითა და გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და ადგილობრივ კადრებზე გააკეთა. რა მიზნები აქვს ,,სამგურალს“ მიმდინარე გათამაშებაში, რა გამოწვევების წინაშე დგას გუნდი, იგეგმება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  ,,სამგურალის“ დირექტორი ზაზა სოფრომაძე გვესაუბრა. (ინტერვიუ ,,გორთან“ მატჩამდე არის ჩაწერილი) .

    ზაზა სოფრომაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასული საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობისას დაინიშნა. აქვს სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება და არის წარმატებული მენეჯერი. ბოლოს,  გახლდათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება საფეხბურთო სფეროში გამოცდილებას  – წლების წინ იყო ,,სამგურალის“ პრეზიდენტი და მისთვის კლუბში მუშაობა უცხო არ არის.

    იმისთვის, რომ წყალტუბოში ფეხბურთი აღორძინდეს

    ზაზა სოფრომაძე: ,,ჩემთვის გუნდში მუშაობა უცხო არ არის, დაახლოებით 20–21 წლის წინ გახლდით ,,სამგურალის“ პრეზიდენტი. საქართველოს მასშტაბით საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა, გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ.  წყალტუბოს ,,სამგურალი“ ცნობილია თავისი საფეხბურთო ტრადიციებით. კლუბი ყოველთვის იდგა ქართული ფეხბურთის ავანგარდში, საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. ვფიქრობ, ის მენეჯერული გამოცდილება, რაც წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას დამიგროვდა, გუნდთან მუშაობისას გამომადგება. ზოგადად, მე და ჩემს მეგობრებს სპორტი ძალიან გვიყვარს. ბუნებრივია, ამასთანავე  უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი ქალაქი და ყველა მოწადინებული ვართ, რომ წყალტუბოში ფეხბურთი აღორძინდეს. ბოლო ორი წელიწადია წყალტუბოელ გულშემატკივრებს საშუალება არ ქონდათ საკუთარ ქალაქში ექომაგათ საყვარელი გუნდისთვის.

    სამწუხაროდ, გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგა 2–ის ფინიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. გადათამაშებაში ორი მატჩის ჯამში ლანჩხუთის ,,გურიასთან“ დავმარცხდით და გუნდი ლიგა 3–ში დაქვეითდა. წლეულს გუნდი საფუძვლიანად გადახალისდა. ჩვენი მთავარი მიზანი ბრძოლისუნარიანი, ახალგაზრდული და შეკრული გუნდის შექმნა არის. გვინდა რომ ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ერთის თქმა აქედანვე შეიძლება – ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, მათ შორის თითქმის ნახევარი ადგილობრივი ფეხბურთელია. ეს კიდევ დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარდგნენ და მათ წინაშე თავი გამოიჩინონ. ჩვენი მიზანია გუნდმა ლამაზი, სწრაფი ფეხბურთი ითამაშოს და თუ ეს შევძელით გარკვეული შედეგიც მოვა“.

    ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ

    ,,სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ,,სამგურალს“ ადგილობრივი კადრი უდგას სათავეში. ვგულისხმობ, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ მიხეილ მახვილაძეს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლავთ. ჰქონდა წარმატებული საფეხბურთო კარიერა. წლების განმავლობაში იყო ,,სამგურალის“ ქუთაისის ,,ტორპედოს“, თბილისის ,,ლოკომოტივის“, რუსთავის ,,მეტალურგის“ კაპიტანი. არის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და 2 გზის თასის მფლობელი. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, გამოძახებული იყო ეროვნულ გუნდშიც. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე იყო განპირობებული ის რომ თითქმის ყველა კლუბში, სადაც უთამაშია, გუნდის კაპიტანი გახლდათ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მიხეილ მახვილაძეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ნაყოფიერად მუშაობდა მარტვილის ,,მერანში“. არ დაგიმალავთ, გარკვეული მოლაპარაკებები დაგვჭირდა, იმისთვის, რომ გუნდის გაწვრთნას დათანხმებულიყო. რამდენიმე კლუბიდან ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ წყალტუბოს რაიონის მკვიდრი არის და ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ახალგაზრდა მწვრთნელია, ბუნებრივია, ჯანსაღი ამბიციები გააჩნია. მისი გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ,,სამგურალთან“ ერთად წარმატებებს მიაღწევს.

    ახალი გუნდი, იმედისმომცემი ფეხბურთელები და ახალგაზრდული ენერგია

    მოგეხსენებათ, ლიგა 3–ში დაქვეითების შემდეგ ,,სამგურალი“ ძირითადის ფეხბურთელებმა დატოვეს და სხვადასხვა კლუბებში გადავიდნენ. თუმცა, ვფიქრობ, სანაცვლოდ ღირსეული შევსება მივიღეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში მოვიდნენ საკმაოდ ტექნიკურები, სწრაფები, ბრძოლისუნარიანები და მოტივირებულები არიან. მათაც გარკვეული ამბიცია გააჩნიათ, იბრძოლონ იმისთვის, რომ საფეხბურთო სამყაროში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ. ყველაფერი ეს იქნება იმის საწინდარი, რომ ლამაზი, სწრაფი, ტექნიკურად და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ვითამაშოთ და ამით გულშემატკივრები გავახაროთ. ორი სიტყვით შემადგენლობაზეც ვიტყვი. ქუთაისის ,,ტორპედოდან“ დავიმატეთ 19 წლის ცენტრალური მცველი შაკო ბურჯანაძე, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია. გვეყოლება ძალიან საინტერესო თავდასხმა, ვფიქრობ, ჯუმბერ ხმელიძისა და სერგი კუხიანიძის დუეტი  მეტოქეს არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს. ახალგაზრდა ბიჭები არიან, არც ტექნიკა აკლიათ და არც სისწრაფე. ნახევარდაცვა ტრადიციულად ,,სამგურალის“ ძლიერი რგოლი იყო და დარწმუნებული ვარ წლეულსაც ასე იქნება. გუნდში დარჩა ლევან ლიპარტელიანი, რომელსაც გასულ წლებში მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა, გარდა ამისა, აღნიშნულ პოზიციაზე დავიმატეთ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში გვქონდა, ამ მხრივაც მდგომარეობა გამოსწორებულია.

    საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესახებ...

    წყალტუბოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. მოგეხსენებათ, სტადიონზე მთლიანად შეიცვალა მინდვრის საფარი. მოეწყო ახალი თანამედროვე ტრიბუნები 500 დასაჯდომი ადგილით, თუმცა, ეს არ არის ზღვარი. სტადიონის რეაბილიტაცია გაგრძელდება და ტრიბუნები ბოლომდე იქნება ათვისებული. ტრიბუნებს შორის აშენდება ადმინისტრაციული კორპუსი, ასევე, დაგეგმილია  სტადიონთან მისასვლელი ბილიკის მოწესრიგება და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდება. კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი გახლავთ ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაგვიმზადა ახალი ტაბლო, რომელიც სტადიონზე ერთ კვირაში დამონტაჟდება. მოკლედ, წყალტუბოში წვრთნისთვის აუცილებელი ყველა პირობა გვაქვს, და ვფიქრობ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით ეროვნული ლიგის ზოგიერთ კლუბსაც კი შევეჯიბრებით. რაც შეეხება ახალ სტადიონს, მასზე სათამაშოდ გუნდი აპრილის შუა რიცხვებში. ნახევარი წელიწადია, რაც მინდვრის საფარი დაიგო, მოედნის საბოლოოდ მოწესრიგებას და გაზონის გამყარებას  გარკვეული დრო სჭირდება. მოედნის მოსავლელად  დავიქირავეთ პროფესიონალი კადრი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ აპრილისთვის მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს.  ახალი სტადიონის გახსნამდე გუნდი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშებს, რომელიც ასევე მარალი ხარისხისაა და გუნდს ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნება.

    ფინანსები...

    ბუნებრივია, ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსებია. აღნიშნულ საკითხს სწორად თუ არ მივუდექით, შესაძლოა შემდეგ გარკვეული პრობლემების წინაშე დავდგეთ. საბედნიეროდ, ჩვენ არა გვაქვს იმის განცდა, რომ მარტო ვართ. ფინანსური კუთხით დაგვეხმარება როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე წყალტუბოში მოღვაწე ბიზნესმენები. ჩვენ აუცილებლად შევქმნით იმ მინიმალურ პირობებს, რაც აუცილებელია ფეხბურთელების მოსაზიდად  და მათ დასაკმაყოფილებლად. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყველა ხედავს იმ წინსვლას, რაც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გვაქვს. ასევე, იმედის თვალით უყურებენ ახალ გუნდს.  ყველა მოწადინებულია და  ცდილობს, რომ გარკვეული საკუთარი წვლილი შეიტანოს წყალტუბოში ფეხბურთის აღორძინების საქმეში.



    დასახული აქვს თუ არა გუნდს კონკრეტული მიზანი...

    მოგეხსენებათ, ლიგა 3–ის ფორმატი შეიცვალა. 10 გუნდიანი ჩემპიონატია, საკმაოდ კარგი გუნდები თამაშობენ და სიძლიერით  ეროვნულ ლიგა 2–ს არ ჩამოუვარდება. რამდენიმე გუნდი აცხადებს რანგით მაღალ ლიგაში გადასვლის პრეტენზიას.

    ჩვენს მიზანს რაც შეეხება,  სწრაფი, ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის ჩვენებას ვგეგმავთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფეხბურთელების უმრავლესობა კლუბში ახალი მოსულია და ჯერაც შეთამაშების პროცესში არიან. ვფიქრობ, პერსპექტიული გუნდი გვყავს და ლიგა 3-ის ზედა ნახევარში ადგილის მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.  რამდენად შევძლებთ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ეს სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება.скачать dle 11.3