მიხეილ მახვილაძე: ყველა თამაშში მოსაბეგად ვიბრძოლებთ! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მიხეილ მახვილაძე: ყველა თამაშში მოსაბეგად ვიბრძოლებთ!
  • მიხეილ მახვილაძე: ყველა თამაშში მოსაბეგად ვიბრძოლებთ!
    4 მარტს ლიგა 3–ის გათამაშება აიღებს სტარტს. წყალტუბოს ,,სამგურალი“ პირველ ტურში ,,გორს“ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, წყალტუბოური კლუბი ლიგა 3–ში გასულ სეზონში დაქვეითდა, რის შემდეგაც გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 40 წლის სპეციალისტი მიხეილ მახვილაძე, რომელსაც ფაქტობრივად ნულიდან მოუხდა გუნდის დაკომპლექტება. ,,სამგურალის“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადახალისდა. როგორ მოემზადა გუნდი ჩემპიონატისთვის და რა მიზნები ექნება ახალ საფეხბურთო სეზონში, ამის თაობაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ მახვილაძე გვესაუბრა.

    – პირველ რიგში, მადლობას ვუხდი გუნდის ხელმძღვანელობას ნდობის გამოცხადებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სახლში დავბრუნდი. წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ადგილობრივი კადრი ვარ, აქ დავიწყე ფეხბურთის თამაში და პროფესიონალ ფეხბურთელად ,,სამგურალში“ ჩამოვყალიბდი. ამ გუნდმა გამიკვლია გზა დიდ ფეხბურთში. ამიტომაც, ,,სამგურალში“ მუშაობა ჩემთვის გამოწვევაც არის და ორმაგი პასუხისმგებლობაც. გუნდის მესვეურებთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის ხელმძღვანელებს, რომლებიც ყველანაირად გვერდით გვიდგანან და ცდილობენ, გუნდმა დაიბრუნოს ის პოზიცია, რომელსაც იმსახურებს. ვფიქრობ, რომ ის ადგილი, სადაც დღეს ,,სამგურალია“, არ არის ჩვენი კლუბის კუთვნილი ადგილი, ,,სამგურალი“ უფრო მაღალ ლიგაში თამაშს იმსახურებს...
    –სამწუხაროდ, გასულ წელს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2–დან ლიგა 3–ში დაქვეითთა, რის შემდეგაც გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და თქვენ ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგიხდათ. რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

    – გუნდს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ გასული სეზონი ,,სამგურალისთვის“ წარმატებული არ იყო. მაგრამ, წარმატებაც და წარუმატებლობაც ფეხბურთის ნაწილია. ცუდია, რომ გუნდი ლიგა 3–ში დაქვეითდა, მაგრამ ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ამის მაგალითები უფრო დიდ დონეზეც გვაქვს. გუნდის დაკომპლექტებას რაც შეეხება, ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიხდა გუნდის ,,შენება“. ერთის მხრივ, ეს კარგიც არის, რადგანაც ახალ გუნდს საფუძველს მთლიან ჩვენ ვუყრით. მაგრამ, მეორეს მხრივ ცუდი ის არის, რომ გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას განვიცდით.
    შარსან,ცუდი გუნდი არ იყო, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ ისე არ გამოვიდა ყველაფერი, როგორც ამ გუნდს და მის ფეხბურთელებს შეეფერებოდათ. ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. ახლა უკვე სხვა რელსებზე მოგვიხდა გადაწყობა. ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე პრიორიტეტები სწორად განვსაზღვეთ. ამ ეტაპზე, ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ აქცენტი. ისეთ ბიჭებზე, რომლებიც პერსპექტიულ ფეხბურთელებად მოიაზრებიან. გვინდა, რომ წელს საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ გუნდს, რომელიც სამომავლოდ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. თავისთავად, ახალი გუნდის შექმნა მარტივი არ არის. შეიძლება, კვალიფიკაციური, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბო, მაგრამ ყოველთვის სჭირდება გუნდს გარკვეული დრო იმისთვის, რომ შეთამაშდეს და ძლიერ კრებულად ჩამოყალიბდეს. მით უმეტეს, ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრს პროფესიონალურ დონოზე არც უთამაშია, რამდენიმე ჭაბუკთა ლიგიდან მოვიდა. პირველი რაზეც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ადგილობრივი კადრები იყო. ვეცადეთ წინა პლანზე ისინი წამოგვეწია და მათთვის შანსი მოგვეცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოთხოვნების გათვალისწინებით. ალბათ, ,,სამგურალის“ ისტორიაში ერთ–ერთი კარგი ფაქტია, რომ პირველ გუნდში 8 ადგილობრივი ფეხბურთელი ირიცხება. ეს ცოტა არ არის. ყველა ჩვენთაგანის სურვილია ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს, მაგრამ წლების მანძილზე წყალტუბოში ფეხბურთი საერთოდ არ იყო, რამაც თაობათა გაზრდა შეაფერხა და სწორედ დღეს ვიღებთ უარყოფით შედეგს, სწორედ ამის გამოა, რომ პირველ გუნდში უმრავლესობა ადგილობრივი კადრი არ არის.
    –თუმცა,მარტო წყალტუბოს კი არა გაცილებით დიდი ქალაქის გუნდებს უჭირთ მხოლოდ ადგილობრივი კადრებით შედეგის მიღწევა...
    –გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად შევთანმხდით იმ ფაქტორზე, რომ ჩვენს გუნდს უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. აქედან, გამომდინარე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის ასაკობრივი გუნდები რომლები გვყავდა შევინარჩუნეთ. სამომავლოდ, ქუჩაში არ დავიწყებთ ფეხბურთელების ძიებას, სწორედ იმიტომ გვყავს ასაკობრივი გუნდები, რომ გარკვეული დროის შემდეგ პირველ გუნდს ჰქონდეს კარგი შევსება. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება იყო გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან.
    გუნდის დაქვეითება პირველ რიგში ფინანსებზე აისახა. კერძო კლუბი არ ვართ, ,,სამგურალი“ მთლიანად ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. ფინანსები თითქმის სამჯერ შეგვიმცირდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პრიორიტეტები ავირჩიეთ. ამ რესურსით იმთავითვე დიდი მიზნებს, რომ შევეჭიდოთ ალბათ, ილუზია იქნება. სწორი მიმართულება ავიღეთ, ახალგაზრდული სექტორი, პლუს მაქსიმალურად შევეცადეთ და პირველ გუნდში ისეთ ბიჭებს მოვუყარეთ თავი რომლებიც პერსპექტიულად ითვლებიან. შეიძლება დღეს ძალიან მაღალ მიზნებს ვერ შეეჭიდნონ, მაგრამ უახლოეს მომავალში ნამდვილად შეძლებენ იმ ამოცანის გადაჭრას, რომელსაც კლუბი დაისახავს მიზნად.
    ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაბრუნდა, ალბათ, მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული?
    –პროფესიონალური გუნდი ნიშნავს დაბალანსებას, როგორც ასაკით, გამოცდილებით, ასევე რგოლებით და სათამაშო კლასით. ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც გუნდში მოვიყვანეთ, გვერდში სჭირდებათ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც მამუკა ღონღაძე, ივანე კილაძე და ზურაბ ენდელაძეა. გუნდში დავაბრუნეთ ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ადგილობრივი კადრია და დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ამ ბიჭებს კარგ პიროვნულ თვისებებთან ერთად, გამოცდილებაც აქვთ და მათ გვერდით თამაში ძალიან წაადგებათ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც მოტივაცია ძალიან დიდი აქვთ – ფეხბურთის თამაში უნდათ!
    –მოსამზადებელ შეკრებაზე რას იტყვით, რამდენად ნაყოფიერად ჩაიარა ჩემპიონატისთვის მზადებამ და კმაყოფილი ხართ თუ არა ამხანაგურ შეხვედრებში გუნდის თამაშით?
    –ვფიქრობ, მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს თამაშებზეც აისახება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მზადების პერიოდმა ისე ჩაიარა, ტრავმიანობა არ გვქონია. გუნდის ხელმძღვანელობამ მოახერხა და გუნდმა ადგილზე 12 დღიანი შეკრება გაიარა. გვქონდა ორჯერადი ვარჯიშები. ფეხბურთელებს მზადებისთვის ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი. კარგი სასტუმრო, სამჯერადი კვება, განტვირთვა... რაც ძალიან კარგი იყო და ეს ყველაფერი ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. რაც შეეხება, ამხანაგურ თამაშებს, ასე რომ ვთქვათ, ძიების პროცესში ვიყავით, ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. საკონტროლო შეხვედრებში არაერთი ფეხბურთელი გამოვცადეთ, უკმაყოფილო არა ვართ, არც გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით და არც ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებით. ვფიქრობ, ნაყოფიერი სპარინ მატჩები გამოგვივიდა. 7 შეხვედრა გავმართეთ, 5–ში გავიმარჯვეთ და 2 მატჩში დავმარცხდით. თუმცა, შედეგზე მეტად ამხანაგურ მატჩებში სხვადასხვა სათამაშო ნიუნასის დამუშავება და ფეხბურთელების შესაძლებლობების განსაზღვრა იყო.
    –,,წლების“ მანძილზე სამგურალის ერთ–ერთი პრობლემა ის იყო, რომ გუნდი საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ატარებდა. წლეულს მდგომარეობა შეიცვალა. წყალტუბოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სტადიონს და გუნდს უკვე ხელოვნურსაფარიან მოედანთან ერთად, ბუნებრივსაფარიანი სტადიონიც აქვს. ალბათ, საკუთარ კედლებში დაბრუნება ,,სამგურალისთვის“ დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება?
    –ჩვენ ფეხბურთელებს დიდ ხელფასებს ვერ ვთავაზობთ, თუმცა, ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომელბიც გუნდში მოვიყვანეთ, მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ,,სამგურალს“ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ნორმალური ინფრასტრუქტურა გააჩნია. გვაქვს კარგი სავარჯიშო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ასევე აპრილის დასაწყისში სათამაშოდ ბუნებრივსაფარიან მოედანზე გადავალთ. ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში ბევრ გუნდს არა აქვს. ქალაქის ხელმძღვანელობამ, გუნდის მესვეურებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წყალტუბოში საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად დიდი მუშაობა გასწიეს. მოგეხსენებათ, ქალაქის მერიიისა და ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ცენტრალურ სტადიონს, დაიგო ბუნებრვსაფარიანი მოედანი, აშენდა ტრიბუნები და როგორც, ვიცი ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. საქმისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს და წყალტუბოში დიდი ფეხბურთი მალე დაბრუნდება. ეს ყველაფერი მთლიან ქართულ ფეხბურთს წაადგება.წყალტუბო საფეხბურთო ქალაქად ითვლება და ძალიან კარგია, რომ საშინაო მატჩებს ჩვენს მოედანზე ჩავატარებთ. შარშანდელი წარუმატებლობის ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში სახლის მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ატარებდა.
    როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იქნება ლიგა 3–ში თამაში და რომელი გუნდები მიგაჩნიათ ლიგის ფავორიტებად?
    წლეულს ლიგა 3–ის ფორმატი შეიცვალა და ვფიქრობ, დაძაბულობა მოიმატებს. დაძაბულობასთან ერთად ხარისხმაც უნდა მოიმატოს, ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს. 10 გუნდიანი ჩემპიონატია, პლუს სიახლე ის არის, რომ ორი გუნდი ვარდება და ეს დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ვფიქრობ, კარგი დონის ჩემპიონატი იქნება. ფავორიტებს რაც შეეხება, კონკრეტული გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, რამდენიმე აცხადებს პრეტენზიას გადასვლაზე. ვნახოთ, ვფიქრო, ცუდი გუნდი არც ერთი არ იქნება, დანარჩენი თავად სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება. ფეხბურთი ზოგადად ხალხისთვის არის. ახლა უფრო მეტი ქომაგი შეძლებს ჩვენი თამაშის საყურებლად მოსვლას. გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან მუდმივად გვექნება კომუნიკაცია და კარგი, საქმიანი ურთიერთობა. წყალტუბოში ვთამაშობდი და ვიცი როგორ უყვართ აქ ფეხბურთი, როგორ შეუძლიათ გუნდს გვერდით დაუდგნენ და დამატებითი ენერგიით დამუხტონ. ეს რესურსიც ძალიან წაადგება ,,სამგურალს“. ჩვენი გულშემატკივარი ისე უნდა მოვმართოთ, რომ მე–12 მოთამაშის ფუნქცია შეითავსოს.
    –რა მიზნები ექნება გუნდს ახალ საფეხბურთო სეზონში?
    მიზნებს რაც შეეხება, შეგვიძლია პირობა დავდოთ რომ ყველა თამაშში, ვის წინააღმდეგაც არ უნდა გავიდეთ, ,,სამგურალი“ ყველასთან მოსაგებად იბრძოლებს. დანარჩენს უშუალოდ ჩემპიონატი გვაჩვენებს. ახლა რაიმე კონკრეტული მოთხოვნები რომ წავუყენოთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთაგანაც ზოგიერთს საერთოდ არა აქვს პროფესიონალურ დონეზე გამოცდილება, ეს მათთვის ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი იქნება. თამამად ვიტყვი, რომ აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ,,სამგურალი“ მუდმივად ლიგა 3–ში იყოს. რეალურად არ არის ამ გუნდის ადგილი ლიგა 3–ში, ჩემის აზრით, ,,სამგურალი“ ეროვნულ ლიგაშიც იმსახურებს ადგილს – თავისი ტრადიციებით, საფეხბურთო ინფრასტრუქტურით და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით... თუმცა, საბოლოოდ, მაინც ფინანსებთან მივდივართ... შევეცდებით, ჩვენი თამაშითა და შედეგებით ინტერესი გავაჩინოთ, გუნდი მიმზიდველი გავხადოთ სავარაუდო ინვესტორისთვის. სპონსორის მოძიებაში აქტიურად არის ჩართული ქალაქის მერია და იმედი გვაქვს, რომ გუნდს მალე ეყოლება ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი. ჩვენის მხრივ, ცდას არ დავაკლებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და აბსოლუტურად ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ...
    ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდით მიდგას და გუნდის მზადების პროცესში მეხმარება. ჩემს ასისტენტებს, სამწვრთნელო შტაბს, გუნდის სტაფს, ყველა მონდომებული და მოწადინებულია, რომ გუნდმა დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებიც უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიდგანან გვერდით. скачать dle 11.3