,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
  • ,,სამგურალმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ,,მცხეთა პარკზე“ ,,ცხინვალს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დებიუტშივე გაუშვა გოლი, საბოლოოდ, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
    მიმდინარე ჩემპიონატში წყალტუბოელებისთვის ეს საუკეთესო მატჩი იყო. ,,ექვსქულიან“ შეხვედრაში ბესიკ ხაჭიპერიძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ყველა საგოლე შანსი რომ გამოეყენებინა მატჩი ასტრონომიული ანგარიშით დასრულდებოდა.
    მატჩამდე ორივე გუნდს საკადრო პრობლემები შეექმნა. ,,ცხინვალს“ 4 ფეხბურთელი ჰყავდა დისკვალიფიცირებული. ამდენივე მოთამაშე აკლდა ,,სამგურალს“ დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო. ბესიკ ხაჭიპერაძემ გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა გუნდი. ძირითად შემადგენლობაში პირველად იყვნენ ლევან ლიპარტელიანი და ილია ახვლედიანი. დავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ლიპარტელიანმა მოედნის ცენტრში დიდი სამუშაო გასწია და ,,სამგურალი“ რომ ბურთს აკონტროლებდა დიდწილად მისი დამსახურება იყო. კარგი შეხვედრა ჩაატარა უშანგი ბანძელაძემ, რომელიც მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო. ტრადიციულად აქტიური იყო მარცხენა ფლანგიდან ბაქარ ლაღაძე. წინა მატჩებში ,,სამგურალი“ ძირითადად 2 საყრდენით თამაშობდა, მაგრამ დისკავლიფიკაციებისა და ტრავმის გამო გუნდს ნიკა შანამბერიძე და გოგი გოგიჩაიშვილი ვერ ეხმარებოდნენ, რის გამოც ,,ცხინვალთან“ მოედანზე ერთი საყრდენი ნახევარმცველი ცოტნე ხარაბაძე იყო, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია და რომ იტყვიან მოედნის ყველა კუთხეში იყო.
    შეხვედრის საწყისი წუთები ,,სამგურალისთვის“ კარგის მომასწავებელი ვერ გამოდგა. მე–7 წუთზე გიორგი კიკნაძემ ცხინვალელები სწრაფი გოლით დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ წყალტუბოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა გაგა ჩხეტიანი, მაგრამ მისი თავური დარტყმები მიზანს ასცა. 24-ე წუთზე ნიკა წივწივაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა ცხინვალის კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჩხეტიანმა აუღელვებლად შეასრულა. ორიოდე წუთში ზაურ გოგუაძემ შესანიშნავი დარტყმით ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა. შეხვედრა კვლავ წყალტუბოელების უპირატესობით გაგრძელდა და ტაიმის ბოლოს ბაქარ ლაღაძის გადაცემის შემდეგ ჩხეტიანმა მორიგი დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. წყალტუბოელებმა მეტოქის შევიწროება გააგრძელეს, 56–ე წუთზე კუთხურიდან თორნიკე კაკუშაძის ჩაწოდების შემდეგ ბექა ბიბილაშვილმა მასპინძელთა მცველებს დაასწრო და ანგარიში 1:4 გახდა. მეხუთე გოლი წყალტუბოელებმა ლამაზი კომბინაციის შედეგად გაიტანეს, მარჯვენა ფლანგიდან ჭეიშვილმა საჯარიმოსკენ გააკეთა გადაცემა, ჩხეტიანმა ბურთი გაატარა და ლაღაძემ ტექნიკური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა–1:5
    22–ე ტურის შემდეგ ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილში კვლავ მე–10 პოზიციაზეა, მაგრამ წყალტუბოურმა გუნდმა კონკურენტებთან ქულათა სხვაობა შეამცირა და მომდევნო მატჩებში სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. 30 აგვისტოს ,,სამგურალი“ მარტვილში გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს ბათუმის ,,დინამოს“ უმასპინძლებს.

    ცხინვალი–სამგურალი 1:5
    ეროვნული ლიგა 2 ტური 22
    24.08.2018. ,,მცხეთა პარკი“
    გოლები: 1:0 გიორგი კიკნაძე (7), 1:1 გაგა ჩხეტიანი (25), 1:2 ზაურ გოგუაძე (27), 1:3 გაგა ჩხეტიანი (41), 1:4 ბექა ბიბილაშვილი (56), 1:5 ბაქარ ლაღაძე (79)
    ცხინვალი: კერესელიძე, ყურშავიშვილი (46.ბარაბაძე), შალამბერიძე (29.ვარძელაშვილი), კიკნაძე (65.კოკაია), თათხაშვილი, ქრისტესიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ლობჯანიძე, წივწივაძე, ღიბრაძე, მეტრეველი
    სათადარიგოები: ქუთათელაძე, მესხი, მალანია
    მთავარი მწვრთნელი: გია კუტივაძე
    სამგურალი: ნონოსი, ახვლედიანი (67.ჭეიშვილი), ბიბილაშვილი, კილაძე, კაკუშაძე, ხარაბაძე (81.ენდელაძე), ბანძელაძე, ლიპარტელიანი (60.საღრიშვილი), გოგუაძე, ლაღაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, ჩიხლაძე, ღონღაძე, ნერგაძე
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    არბიტრი: გ.ავაზაშვილი скачать dle 11.3