ახალი ფორმები, ეკიპირება და სულ მალე ახალი სტადიონი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ახალი ფორმები, ეკიპირება და სულ მალე ახალი სტადიონი
  • ახალი ფორმები, ეკიპირება და სულ მალე ახალი სტადიონი

    რამდენიმე დღეში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს აიღებს. წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატს  სიახლეებით ხვდება. გუნდმა შეკრება ანტალიაში გაიარა, შეიმოსა ახალი ფორმებითა და  ეკიპირებით, შეიძინა ახალი ბურთები და რაც ყველაზე მთავარია, წყალტუბოში დაიწყო სტადიონის რეაბილიტაცია... ყოველივე ამის თაობაზე ,,სამგურალის“ დირექტორს ამირან ვარდანიძეს გავესაუბრეთ.



    ამირან ვარდანიძე: ,,17 იანვარს წყალტუბოს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ჯგუფი იმყოფებოდა. ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა, მთავარმა აგრონომმა ალექსანდრე თორიამ და ინჟინერ ექსპერტმა გოგა დადივაძემ შეამოწმეს მოედნის საფუძველი, სადრენაჟო სისტემა და სხვა კომუნიკაციები. მაშინ ითქვა, რომ მოედნის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები თებერვალში დაიწყებოდა და სიტყვა უკვე საქმედ იქცა, სამი დღის წინ 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ფედერაცია აკეთებს 7 კომპონენტიან მაღალი ხარისხის ბუნებრივ საფარს, სადრენაჟო და სარწყავი სისტემით. ეს ქალაქისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი“....

    –ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის შეთანხმების თანახმად სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა საკუთარ თავზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო. ფედერაციამ მოედნის გაკეთება უკვე დაიწყო, თუ გაქვთ ინფორმაცია,  ტრიბუნების დამონტაჟება და სხვა სარემონტო სამუშაოები როდის დაიწყება?

    –რა თქმა უნდა, მარტო მინდორის გაკეთება საკმარისი არ არის. კარგ მოედანს ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმების საფუძველზე ტრიბუნების მოწყობასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს წყალტუბოს მერია დააფინანსებს.  ქალაქის მერი გრიგოლ იოსელიანი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი პირადად არიან ჩართული ამ საკითხში. მათი ხელშეწყობით წყალტუბოს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების სტადიონი ექნება.



    დაახლოებით როდის დაიწყება ტრიბუნების მშენებლობა და საერთო ჯამში რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება?

    – საპროექტო ხარჯთაღრიცხვის პროექტის თაობაზე გამოცხადებული იყო ტენდერი, გამარჯვებული კომპანია უკვე მუშაობს ამ თემაზე და დაახლოებით 3 კვირაში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც. ჩვენი გათვლებით ტრიბუნებს მოწყობა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვეში დაიწყება. ქალაქის ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობს  იმისთვის, რომ ყველაფერი ბოლომდე გააკეთოს რაზეც ფეხბურთის ფედერაციასთან არის შეთანხმებული.

    სტადიონის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.  პირველ ეტაპზე გაკეთდება ის მინიმუმი, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ,,სამგურალს“ საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მიეცეს. კერძოდ, მოეწყობა 500 კაციანი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და სტადიონის ტერიტორია. დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები, რაც ლიცენზირებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ამის შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება. აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, ტრიბუნები კი საბოლოო ჯამში 3500 კაცზე იქნება გათვლილი. აქ შესაძლებელი იქნება საქართველოს ახალგაზრდული, ასაკობრივი ნაკრებების და სხვა საერთაშორისო მატჩების  ჩატარებაც,  წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, ქალაქში ბევრი სასტუმროა და გუნდებს კარგ პირობებში შეეძლებათ ვარჯიში და დასვენება.

    –ჩემპიონატი კარს მოგვადგა, როგორ ხვდება გუნდი ახალ საფეხბურთო სეზონს?



    –ახალი ჩემპიონატი შარშანდელზე კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი და ყველა მატჩში ბრძოლა იქნება. გუნდის მომზადების დონეზე და სპორტულ კუთხეზე მწვრთნელები ისაუბრებენ, მე კი სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იმისათვის, რომ ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით, ფეხბურთის განვითარების ფონდთან კუნსულტაციის შედეგად, გადავწყვიტეთ, გუნდს შეკრება თურქეთში,  ანტალიის რეგიონში გაევლო. ,,სამგურალი“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 8 დან 20 თებერვლამდე იმყოფებოდა. ჩვენი თხოვნით, ორგანიზატორებმა შეგვირჩიეს ძლიერი მეტოქეები, რომლებთან დაპირისპირებითაც ,,სამგურალმა“ დიდი გამოცდილება მიიღო. თურქულ შეკრებაზე შევხვდით უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის ,,კარპატს“, ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ,,ყიზილ ჯარს“, დანიურ ,,ფრედერისიას“ და უკრაინულ ,,ობოლონს“. ოთხივე გუნდი ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მართალია, ოთხივე შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ  მთავარია, რომ გუნდი შეთამაშდა და კარგი გამოცდილება მიიღო. ,,კარპატი“ უკრაინის უმაღლეს ლიგაში გამოდის და ჩვენი გუნდი ტოლ–სწორად ებრძოლა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ უკრაინელებმა გამოცდილებით აჯობეს.  ,,სამგურალი“ უცხოურ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა. ეს მართლაც ისტორიული ფაქტია, ჩვენი კლუბის  მიმართ ინტერესი გაიზარდა. ,,კარპატის“ ოფიციალურმა საიტმა ჩვენს ქალაქზე და გუნდზე ვრცელი, პოზიტიური  სტატია გამოაქვეყნა. წყალტუბოზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული, ქალაქის ისტორიის, საკურორტო და ტურისტული მნიშვნელობის შესახებ. ეს დიდი რეკლამაა ჩვენისთანა პატარა ქალაქისთვის და კურორტისთვის. ამასთან ერთად,  მეგობრული ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა გუნდებთან. ,,სამგურალთან“ ერთად ,,სიდე სტარში“ მზადებას უკრაინის უმაღლესი ლიგის მეხუთე ადგილოსანი  ,,ვერესი“, უკრაინული ,,დნიპრო“  და სხვადასხვა გერმანული გუნდები გადიოდნენ. მათ ჩვენი გუნდის შესახებ ბევრი რამ გაიგეს.

    რა მიზნები ექნება ,,სამგურალს“ ჩემპიონატში?

    –მიზნებზე საუბარი რთულია. ლიგაში თანაბარი დონის გუნდებია თავმოყრილი და ყველა მხრივ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ჩვენ თავს არ დავზოგავთ იმისთვის თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ,,სამგურალი“ მაჩანჩალა არასდროს იქნება. რა თქმა უნდა, ხუთეულისთვის ვიბრძოლებთ. კონკრეტულ ადგილს არ დავსახავთ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი გუნდი ლიდერთა შორის იყო. ჩვენი მიზანია, რომ სწორად ვიმუშაოთ, განვვითარდეთ და ,,სამგურალი“ სპონსორისთვის მიმზიდველი გავხადოთ.

    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განხორციელდა მთელი გუნდის ეკიპირება. დიდი გუნდი შეიმოსა გამოსასვლელი და სავარჯიშო ეკიპირებით. გარდა ამისა, დანარჩენ ასაკობრივ გუნდებს 10 წლის ბავშვებიდან  დაწყებული, დაურიგდებათ გამოსასვლელი სპორტულები, ახალი სათამაშო ფორმები, ახალი ბურთები. ეს ყველაფერი განვახორციელეთ ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის ხელმძღვანელს ბატონ ზაზა დოლიძეს.  

    30 წელიწადია საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალში“ ვმუშაობ და გუნდს ასეთი კარგი მოსამზადებელი პირობები ჯერ არ ჰქონია. ყველაფერი ეს საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დამსახურებაა. რომ არა ეს პროექტი, ,,სამგურალი“ იმ დონეზე ვერ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ,,სამგურალმა“ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენთან გამოცდილებთან ერთად, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც თავის გამოჩენისა და განივითარების  შესაძლებლობა აქვთ.



    ის პროგრესი, რაც დღეს ,,სამგურალს“ აქვს და პლიუს განვითარებული ინფრასტრუქტურა აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორების დაინტერესებას, ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სპონსორი მოვიზიდოთ და ,,სამგურალი“ კერძო კლუბი გახდეს. რაც კლუბს კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას მისცემს.

    –რა სახის დახმარებას უწევს კომპანია ,,კრისტალბეთი“ ,,სამგურალს“?

    ქველმოქმედების სახით ყოველთვიურად  1500 ლარით გვეხმარება კომპანია ,,კრისტალ ბეთი“ , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ კომპანიას და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე განვითარებული ინფრასტრუქტურით და წარმატებული ასპარეზობით ,,სამგურალი“ სპონსორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.скачать dle 11.3