გია გიგატაძე: ვეცდებით ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გია გიგატაძე: ვეცდებით ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ
  • გია გიგატაძე: ვეცდებით ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ

    ჩემპიონატის სტარტზე წყალტუბოელები აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, თუმცა, სეზონის მიმდინარეობისას ისინი რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ლიდერთა შორის. საბოლოოდ, ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2 მე–4 ადგილზე დაასრულა. ,,სიონთან“ დასკვნითი მატჩის შემდეგ განვლილი სეზონის შეჯამება გუნდის მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს ვთხოვეთ.


    – ცოტა არ იყოს რთული ფორმატი იყო, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვისაც. სხვანაირ ჩემპიონატს ვიყავით შეჩვეულები, ნაკლებად დატვირთულს... სეზონი 20–22 ფეხბურთელით ჩავატარეთ და ცოტა გაგვიჭირდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც. მაგრამ, თანდათან ფეხბურთელებიც მიეჩვევიან ასეთ ფორმატს. სხვა მხრივ, კარგი ჩემპიონატი იყო, დაძაბული, ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებული იყო. მართალია, ლიდერები ცოტა ადრე გამოიკვეთა, მაგრამ ცხრილის ქვედა ნაწილში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვა. გამოსწორებისკენ მიდის ყველაფერი. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის. მომავალ წელსაც რრთული ჩემპიონატი იქნება, რადგანაც 10 გუნდიანი სისტემა მოდუნების უფლებას არავის აძლევს.

    ერთი პერიოდი ,,სამგურალი“ მე–2 ადგილზე იყო, როგორ ფიქრობთ შეგეძლოთ სამეულში მოხვედრა თუ მე–4 ადგილი ამ ეტაპისთვის მაქსიმუმი იყო?

    –მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე არ გვითამაშია. ასეთ ვითარებაში მეტოქეს ყოველთვის ჰქონდა ფსიქოლოგიური უპირატესობა, ჩვენ გასვლაზე ვეთამაშებოდით, შემდეგ კი ნეიტრალურ მოედანზე გვიწევდა პაექრობა. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ გუნდმა კარგად ჩაატარა ჩემპიონატი.
    ცოტა არ იყოს მეოთხე წრეში გაგვიჭირდა...

    –ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. წამყვანი ფეხბურთელები ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ და ხშირ შემთხვევაში ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვთამაშობდით. დაღლილობამაც იჩინა თავი, ჩვენ არა გვაქვს ისეთი აღდგენითი საშუალებები, რომ ფეხბურთელები მთელი სეზონის განმავლობაში ერთ დონეზე იყვნენ მომზადებული. აშკარაა, რომ სტაბილურობა გვაკლდა, თორემ როცა თამაში წაგვივიდა, არაერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. იყო რაღაც ჩავარდნები, მაგრამ პე პირადად განვლილი სეზონით კმაყოფილი ვარ.

    –უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით?

    –ცოტა ხნით დავისვენებთ, შემდეგ შევიკრიბებით, დავილაპარაკებთ, გუნდის დაკომპლექტებას შევუდგებით და დავისახავთ მიზნებს, ვფიქრობთ ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას. თუ ფეხბურთელებსაც ექნებათ ,,სამგურალში“ თამაშის სურვილი, დავილაპარაკებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. თუ უკეთესი ვარიანტები გამოუჩნდათ, კონტრაქტი დამთავრებული აქვთ და წასვლას ვერ დავუშლით. გასულ წელს 12 ფეხბურთელი წავიდა და ყოველ წელს ახალი გუნდის გაკეთება ძალიან რთულია, ჩვენი დიდი სურვილია ძირითადი ბირთვი შევინარჩუნონოთ, თუმცა რა თქმა უნდა იქნება გარკვეული ცვლილებებიც.

    –არის მოლოდინი, რომ წყალტუბოში ცენტრალური სტადიონი გაკეთდება.

    –ფედერაცია და ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ძალიან მონდომებული არიან, როგორც გაცხადდა ფედერაცია მინდვრის საფარის დაგებას დააფინანსებს, ქალაქი კი ტრიბუნების მოწყობას იღებს საკუთარ თავზე. მონდომებულები არიან და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ხალხიც მონატრებულია, ჩვენს საქომაგოდ ხან მარტვილში დადიან, ხან სად და ხან სად.. ბევრი ვერ ახერხებს წამოსვლას და საყვარელი გუნდის თამაშის ხილვას. წყალტუბოშიც მეტი სიმხიარულე იქნება, გუნდის გამარჯვებას აქ სხვა ემოციები მოჰყვება. ისე აღარ იქნება, მოგებას მარტო ჩვენ და რამდენიმე გულშემატკივარი რომ ვგებულობდით. მთელი ქალაქი გაიხარებს და იზეიმებს. ჩვენს მეორე გუნდს აქვს ლიგა–3 ში დაწინაურების შანსი, წარმატებებს ვუსურვებ ზვიად ქუთათელაძეს და მის გუნდს, თუ დაწინაურდნენ უკეთეს ლიგაში, წყალტუბოში ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო დიდი იქნება.

    – თქვენი აზრით ეროოვნული ლიგა 2–ის გუნდებს რა შანსები აქვთ პლეი ოფში, გაუწევენ ისინი ლიგა 1–ის წარმომადგენლებს ჯეროვან წინააღმდეგობას?

    ვფიქრობ შანსები 50%–50% –ზეა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოვარდნილი გუნდი უფრო რთულ მდგომარეობაში შეხვედება პლეი ოფს და თანაბარი ბრძოლა იქნება. ბათუმის ,,დინამო“ და ფოთის ,,კოლხეთი“ გამოცდილი გუნდები არიან, მაგრამ ,,სიონი“ და ,,მერანიც“ არაფერს დათმობენ.

    ლიგა 2–ში დაწინაურებულ თბილისის ,,შევარდენზე“ რას იტყვით?

    –გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ალბათ, კიდევ გაძლიერდებიან, თბილისურ გუნდებს არ უჭირთ კარგი ფეხბურთელების მოძიება. არჩევანი დიდი აქვთ და ალბათ მომავალ სეზონში ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.
    скачать dle 11.3