გატეხილი ნავსი მერანთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გატეხილი ნავსი მერანთან
  • გატეხილი ნავსი მერანთან

    ეროვნული ლიგა 2–ის ბინადართაგან, წყალტუბოს ,,სამგურალისთვის“ ყველაზე უხერხული მეტოქე მარტვილის ,,მერანია“. ჩვენს გუნდს ,,მერანთან“ აქამდე 8 ოფიციალური მატჩი ჰქონდა გამართული და რვავე შეხვედრა მარტვილელების გამარჯვებით იყო დასრულებული. ნავსი მე–9 დაპირისპირებაში გატყდა... მეშახტეს ბაზაზე გამართულ მატჩში ფრე 0:0 დაფიქსირდა და ,,მერანთან“ ,,სამგურალის“ მარცხიან სერიას წერტილი დაესვა.
    არადა, წყალტუბოელები ლიგა–2–ის ერთ–ერთ ლიდერთან მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის, ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. წყალტუბოელებმა მეტოქეს 4–2–3–1 სათამაშო სქემა დაუპირისპირეს. ნომინალური მასპინძლების კარს ალექსანდრე ნუცუბიძე იცავდა, დაცვის ცენტრს ბექა ბიბილაშვილი და ივანე კილაძე ამაგრებდნენ, განაპირა მცველებად უშანგი ბანძელაძე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი იყვნენ გამწესებული. საყრდენი ნახევარმცველების ფუნქციას ნიკა შალამბერიძე და გოგი გოგიჩაიშვილის ასრულებდნენ. მათ წინ მოქმედებდნენ დავით ციცხვაია, ზაურ გოგუაძე და ბაქარ ლაღაძე. რაც შეეხება გამოკვეთილ ფორვარდს ამ პოზიციაზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა გაგა ჩხეტიანმა ითამაშა.
    ახლა სათადარიგოთა სკამს გადავხედოთ... აქ კი წყალტუბოელებს მართლაც, რომ ბევრი სიახლე ჰქონდათ. პირველად მოხვდნენ 18 კაციან განაცხადში ახალგაზრდა ფეხბურთელები : მეკარე მურმან სვანიძე, გიორგი ბელთაძე, ავთანდილ ქოიავა და ანზორ ცერცვაძე. აღსანიშნავია, რომ ბელთაძე და ცერცვაძე წყალტუბოს ,,სამგურალის“ აღზრდილები არიან.
    რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძლიერმა ქარმა და მოედნის საფარმა შეხვედრაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. პირველ ტაიმში ქარი ,,სამგურალის“ საჯარიმოსკენ უბერავდა და წყალტუბოელებს ბურთის მეტოქის ნახევრისკენ გადასატანად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. მარტვილელებისთვის დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, იმ შემთხვევაში თუ მოიგებდნენ და პარალელურ მატჩში ,,რუსთავი“ ,,ვიტ ჯორჯიასთან“ წაიფორხილებდა, ,,მერანს“ ლიგა–2–ის მოგების შანსი კვლავ რჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს შეხვედრა და 40–ე წამზე რეალური საგოლე მომენტი შექმეს, ბარაბაძის გადაცემის შემდეგ ტრეტიაკი ერთი შეხებით ურტყამდა კარში, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მარტვილელები უპირატესობას ამის შემდეგაც ფლობდნენ, ბარაბაძის დარტყმას ალექსანდრე ნუცუბიძე დაეუფლა. თანდათან, წყალტუბოელები უფრო თამამად ათამაშდნენ და მე–15 წუთზე პირველი ხიფათიც შექმნეს. მარტვილელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით შალამბერიძემ ისარგებლა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. შემდეგ ზაურ გოგუაძე იყო ახლოს გოლის გატანასთან, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს ზურაბ მამალაძემ არ გაატანინა. ტაიმის ბოლომდე კარისკენ დარტყმები დავით ციცხვაიამ და რაფაელ ჩუკურამ გაცვალეს.
    მეორე ტაიმში ზურგის ქარი ,,სამგურალის“ სასარგებლოდ უბერავდა და ახლა მარტვილელებს უჭირდათ საკუთარი ნახევრიდან ბურთის გამოტანა. თუმცა, კომბინაციური თამაშის საშუალებას მოედნის საფარი წყალტუბოელებსაც არ აძლევდა. გია გიგატაძის შეგირდებმა ,,სტანდარტულიდან“ სცადეს მეტოქის დამწუხრება, შესანიშნავად შეასრულა შორეული საჯარიმო დარტყმა თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, მის მიერ ყუმბარისებურად გასროლილი ბურთი მეკარემ მუშტებით გაჭირვებით მოიგერია. გოლის გატანა შეეძლო ბაქარ ლაღაძესაც, ამ ეპიზოდში მეკარეს კარი ,,დაკარგული“ ჰქონდა, მაგრამ ,,სამგურალის“ მარცხენაფლანგელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის ბოლომდე თანაბარი და უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. მარტვილელთა შეტევებს სიმწვავე შეცვლაზე გამოსულმა შოთა ჯიქიამ შესძინა, ბოლო წუთებზე ,,სამგურალის“ კართან რადენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა და გუნდები უგოლო ფრეს დასჯერდნენ.
    პარალელურ შეხვედრაში ,,რუსთავმა“ ,,ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და ერთი ტურით ადრე გაინაღდა ეროვნული ლიგის საგზური. მარტვილის ,,მერანი“ კი პლეი ოფიდან შეეცდება უმაღლესში გადასვლას.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,მერანი“ მარტვილი 0:0
    21.11. ტყიბული. ,,მეშახტეს ბაზა“

    სამგურალი: ნუცუბიძე, ბანძელაძე, ბიბილაშვილი (კ), კილაძე, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე (67.დ.ჩიხლაძე), გოგიჩაიშვილი, ციცხვაია, გოგუაძე, ლაღაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: სვანიძე, ცერცვაძე, ბელთაძე, ა.ფანცხავა, ქოიავა
    მწრთნელი: გია გიგატაძე

    მერანი: მამალაძე, გეგია, ტეიდი, ბარაბაძე, კურდღელაშვილი (84.ჯიქია), მაისაშვილი, ტრეტიაკი (64.რუხაძე), ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე, გეწაძე (18.რაფაელ ჩუკურა)
    სათადარიგოები: კულუა, ორბელაძე, თოლორდავა, ფაცაცია
    მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

    გაფრთხილება: კურდღელაშვილი (61)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
    скачать dle 11.3