მესამე მოგება ზუგდიდთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მესამე მოგება ზუგდიდთან
  • ,,ზუგდიდთან“ იოლი მატჩი რომ არ იქნებოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მეგრული გუნდი გათამაშების აუტსაიდერია, მაგრამ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა და საკმაოდ გაძლიერდა. ზუგდიდელებმა თავიანთი შესაძლებლობები ,,ვიტ ჯორჯიასთან“ (2:0) და ,,გურიასთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრებში დაამტკიცეს. დავით მახარაძის გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ზუგდიდელებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და რა გასაკვირია, რომ ,,სამგურალის“ წინააღმდეგ დიდი მონდომებით ითამაშებდნენ. ამ გუნდების წინა ორი შეხვედრა წყალტუბოელების გამარჯვებით (4:1, 1:0) დასრულდა და მეგრელები რევანშისთვისაც იყვნენ განწყობილი.
    ბუნებრივია, თავიანთი გეგმები ჰქონდათ წყალტუბოელებს. ჩემპიონატის მეორე ეტაპის რიხიანი დასაწყისის შემდეგ (,,სამგურალმა“ მესამე წრის სტარტზე ,,ვიტ ჯორჯია“ და ,,რუსთავი“ დაამარცხა 3:2, 2:1), ბოლო ორ შეხვედრაში იმერლებს ,,ფეხი დაუცდათ“. მათ ჯერ ლანჩხუთში ,,გურიასთან“ 0:1 დათმეს შეხვედრა, წინა ტურში კი ტყიბულში ,,მეშახტესთან“ ბოლო წუთზე გაუშვეს გოლი და ფრეს (1:1) დასჯერდნენ.
    ,,სამგურალს“ წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდა, მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში წყალტუბოელები სატურნირო ცხრილში პოზიციებსაც დათმობდნენ და გუნდი ფსიქოლოგიურადაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ასე რომ, შეხვედრა ,,სამგურალისთვისაც“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
    გუნდები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ. ნომინალურ მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო თენგიზ ბრეგვაძე და დემურ ჩიხლაძე აკლდათ. ზუგდიდელებს კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გოჩა ხოჯავა ვერ ეხმარებოდათ.
    წყალტუბოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მე–2 წუთზე გაგა ჩხეტიანის აქტიურობის შემდეგ ზაურ გოგუაძემ ახლო მანძილიდან სტუმართა კარის ბადეში გაახვია ბურთი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. თანდათან ზუგდიდელებიც გააქტიურდნენ, მე–8 წუთზე ცოტნე სამუშიამ შორიდან ძლიერად დააქუხა, თუმცა ბურთი ხარიხას გადასცდა.
    ცოტა ხანში წყალტუბოელებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცათ, ზაურ გოგუაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს რკალთან ახლოს გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მის პასს ნიკა შალამბერიძე ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.
    ზუგდიდელებმა ძალიან მწვავე შეტევით უპასუხეს, ,,სტყმართა“ ფლანგურ გადაცემას ახლო მანძილიდან ცოტნე სამუშია აგვირგვინებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ,,სამგურალი“ აშკარა გოლს გადაურჩა.
    26–ე წუთზე თორნიკე ბაძელაძე იყო ახლოს გოლის გატანასთან, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე შოთა მამინაშვილმა გაჭირვებით მოიგერია.
    37–ე წუთზე ,,სამგურალი“ გოლს გადაურჩა, ნიკა ლაშხიას დარტყმის შემდეგ დავით კუპატაძემ ხელებში ბურთი ვერ შეიმაგრა, დამატებაზე ლაშხია თამაშობდა, მაგრამ კუპატაძემ მეორე ეპიზოდში დამაჯერებლად ითამაშა და შეცდომა გამოასწორა.
    42–ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ შორეული დარტყმით სცადა წყალტუბოელების დამწუხრება, მაგრამ ბურთი სამიზნეს ააცილა. პირველი ტამი უგოლოდ დასრულდა.
    მეორე ტაიმი გია გიგატაძის გუნდმა გაცილებით მონდომებით დაიწყო და წყალტუბოელთა აქტიურობას შედეგიც მალე მოჰყვა. 53–ე წუთზე ნომინალური მასპინძლები კურიოზული გოლით დაწინაურდნენ, ჩხეტიანი თავური დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ლევან აკობიას მოხვდა და კარის ხაზი გადაკვეთა.
    ზუგდიდელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ წყალტუბოელები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ, 60–ე წუთზე შეტევაში ჩართულ ბექა ბიბილაშვილს ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა მაგრამ ახლო მანძილიდან სტუმართა დასჯა ვერ მოახერხა. 73–ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა კარგი დრიბლინგი განახორციელა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარისგან ,,გავლით“ ძელს მოხვდა და ,,ზუგდიდი“ კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლს.
    82–ე წუთზე გია გიგატაძემ გაგა ჩხეტიანის ნაცვლად თამაშში დავით ციცხვაია ჩართო. ციცხვაია თამაშში აქტიურად ჩაერთო, 86–ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ,,ზუგდიდის“ კარში მეორე გოლი გაიტანა. ციცხვაიას გოლმა სტუმართა უკმაყოფილობა გამოიწვია, ისინი თამაშგარე მდგომარეობაზე აპელირებდნენ და არბიტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. თუმცა, გიორგი ყრუაშვილს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
    მატჩის ბოლოს ზუგდიდელებს ორჯერ ჰქონდათ კარში დარტყმის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ.
    პარალელურ შეხვედრაში ,,გაგრა“ ,,გურიასთან“ 1:4 დამარცხდა და ,,სამგურალმა“ სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით წინ წაიწია. გია გიგატაძის გუნდი 38 ქულით მე–4 ადგილზე იმყოფება. წყალტუბოელები მომდევნო ტურში 25 აგვისტოს სტუმრად ცხრილის მეზობელ ,,გაგრას“ დაუპირისპირდება.



    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,ზუგდიდი“ ზუგდიდი 2:0
    18.08. მარტვილი ,,მურთაზ ხურცილავა“. 17:30
    გოლები: 1:0 გაგა ჩხეტიანი (53), 2:0 დავით ციცხვაია (86)
    სამგურალი: კუპატაძე, ბიბილაშვილი, ნერგაძე, ენდელაძე, კაკუშაძე, ხარაბაძე (ლაღაძე 46), გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე, ბანძელაძე, გოგუაძე (ლიპარტელიანი 90+2), ჩხეტიანი (ციცხვაია 82).
    სათადარიგო შემადგენლობა: კუჭუხიძე, ჯიმშელეიშვილი, ფანცხავა, კილაძე.
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    ზუგდიდი: მამინაშვილი, შაკიროვი (რუხაია 60), აკობია, კირსანოვი, გელაშვილი, იგნატენტკო, დ.ქირია (ჟვანია 73), ნ.ქირია, ლაშხია, სამუშია (კუკავა 60) , ჩიმაკაძე.
    სათადარიგო შემადგენლობა: ჯომიდავა, თ. აკობია, ფხაკაძე, წოწონავა.
    მწვრთნელი:დავით მახარაძე
    გაფრთხილება: იგნატენკო (19), გელაშვილი (39), მამინაშვილი (86)
    არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
    скачать dle 11.3